26 ნოემბერი 2024,   20:20
ვრცლად
სტიქიის ზონიდან ადამიანების გამოყვანა რთულია, ვცდილობთ მაქსიმალურად გავაადვილოთ ჩვენს მოქალაქეებთან კომუნიკაცია, არ მუშაობს ტელეფონი, ინტერნეტის წვდომა არ არის - საქართველოს ელჩი თურქეთში

საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა "ღამის კურიერთან" საუბრისას ამბობს, რომ სტიქიის ზონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დასაკავშირებლად, შექმნილი ვითარების გამო კომუნიკაციის პრობლემა დგას.

მისი თქმით, საელჩო მაქსიმალურად ცდილობს მათთან დაკონტაქტებას, თუმცა როგორც შეღწევის, ასევე, სტიქიის ზონიდან გამოსვლის სერიოზული პრობლემაა.

"ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გავაადვილოთ ჩვენს მოქალაქეებთან კომუნიკაცია. ვიცით, რომ ფსიქოლოგიური პრობლემებია, პანიკაა.

იმ ზონაში არ მუშაობს ტელეფონი, ინტერნეტის წვდომა არ არის. გამომდინარე აქედან, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ვნახოთ ის მოქალაქეები, ვინც იცის სად არიან და ჩვენ გვყავს რამდენიმე ჩვენი თანამოქალაქე, ვისთანაც გვაქვს კომუნიკაცია. იქ შესვლის პრობლემა დგას, ამასთან, პრობლემაა იქ ბიძგები.

ჩვენ ასევე მოგვივიდა ნოტა, რომ აუცილებელია შეთანხმდეს ნებისმიერი მანქანის გადაადგილება საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, ვინაიდან იქ შესვლა შეიძლება მხოლოდ მაშველებისთვის და ჰუმანიტარული ტვირთებისთვის. ეს ზონა არის თითქმის 120-130 000 კვადრატული კილომეტრი, თითქმის 2 საქართველოსხელა. გვიჭირს, მაგალითად, ერთი მოქალაქე, რომელიც ითხოვს გაყვანას, 200-300 კილომეტრით არის დაშორებული სხვა მოქალაქეს. მანქანას ჯერჯერობით ვერ ვაგზავნით, იმედია, რომ გაიხსნება... იმ ზონიდან ადამიანების გამოყვანა უფრო რთულია, ვიდრე შესვლა," - განაცხადა ელჩმა.

დღის ამბები