26 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
ლობისტური ჯგუფებისთვის გადახდილი კოლოსალური თანხები გასაჯაროვდა - გიული ალასანიას მიერ გაფორმებულ კონტრაქტებს მმართველ გუნდში აფასებენ

საერთაშორისო ექსპერტებისა და ლობისტური ჯგუფებისთვის გადახდილი კოლოსალური თანხების გასაჯაროების შემდეგ, "ქართულ ოცნებას" უცხოურ მედიაში საქართველოზე დაწერილი ნეგატიური სტატიები აღარ უკვირს. ახლა მმართველ გუნდს ასი ათასობით დოლარის წარმომავლობა უფრო აინტერესებს, თუმცა კითხვა კონტრაქტის დამდებმა გიული ალასანიამ უპასუხოდ დატოვა.

პატიმარ სააკაშვილის დედა მხოლოდ იმას ამბობს, რომ "აკერმანის" იურიდიულ ჯგუფს საკმარისი თანხა გადაუხადა იმისთვის, რომ შვილის თავისუფლებისთვის საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვოს. დღეს გავრცელებული კონტრაქტის მიხედვით, მილონამდე დოლარი "აკერმანის ჯგუფს" ლობიზმისთვის ჩაერიცხა. თანხა სწორედ იმ პირებზეა განაწილებული, რომლებიც სააკაშვილის ოჯახმა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნების მოსამზადებლად დაიქირავა.

"ქართული ოცნება" არც იმას გამორიცხავს, რომ საბოლოო ჯამში მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ლობიზმისთვის დახარჯული თანხა მილიონ დოლარზე მეტი აღმოჩნდეს. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ თანხების დიდი ნაწილი არა სამედიცინო კუთხით, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ შავი პიარის ასაგორებლად იხარჯება.

"აკერმანის" კომპანია ერთადერთი არაა, რომელსაც ექსპრეზიდენტის ოჯახი კონტრაქტებს უდებს და ათიათასობით დოლარს უხდის. გიული ალასანიამ ცოტა ხნის წინ ლობისტური საქმიანობისთვის კიდევ ერთი ხელშეკრულება, უკვე მეორედ, ასევე ამერიკულ კომპანია "გლობალ ფოინთთან" დადო.

დღის ამბები