26 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
მეხუთე პრეზიდენტის მორიგი უარი სააკაშვილის შეწყალებაზე - რა განცხადებები მოჰყვა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას

მეხუთესგან მესამეს შეწყალებაზე ისევ უარია - პრეზიდენტი ზურაბიშვილის ვრცელი წერილიდან ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთი დასკვნა გამოიტანა, სააკაშვილის შეწყალება არ იგეგმება. უფრო მეტიც, სალომე ზურაბიშვილმა მმართველ გუნდს რჩევა მისცა - პატიმრის საკითხი ჰუმანიტარული და სამართლებრივი ფორმით საბოლოოდ გადაჭრას. რჩევა სალომე ზურაბიშვილს არც ყოფილი პრეზიდენტისთვის დაუკლია - ზურაბიშვილი პატიმარს მოუწოდებს ყველა დანაშაული აღიაროს, პოლიტიკასთან ერთად კი ქვეყანაც დატოვოს.

ათონელის სასახლიდან გავრცელებული განცხადებით კმაყოფილი არც "ნაციონალური მოძრაობა" დარჩენილა და არც "ქართული ოცნება". სააკაშვილის პოლიტიკური გუნდი ზურაბიშვილმა იმედგაცრუებული დატოვა, "ოცნებას" კი ბევრი კითხვა გაუჩინა. მმართველი გუნდი ამბობს, რომ პრეზიდენტმა შეწყალების ირგვლივ მისი მისამართით გაკეთებული განცხადებები მუქარად არ უნდა აღიქვას, რადგან თავადაც საკმაოდ ხშირად აკრიტიკებს "ოცნებას". სახელისუფლებო პარტია დღეს იმასაც ირწმუნებოდა, რომ საბოლოო ჯამში სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი საზოგადოების ნეგატიური განწყობის გამო არ შეიწყალა.

"ეს იყო პატარა ოხუნჯობა პრეზიდენტის მხრიდან - რაც წელიწადში ერთხელ ეპატიება" - ასე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც როგორც ზურაბიშვილი წერს: ""ქართული ოცნების" სიის მესამე ნომერმა, თსუ-ს და დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრმა, დოქტორმა და პროფესორმა - ბევრი რომ არ გააგრძელოს - ირაკლი კობახიძემ -კარგად უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტის დისკრეციულ უფლების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია."

წერილს წინ კობახიძის განცხადება უძღვოდა, სადაც ის სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში ნეგატიურ შედეგებზე მიანიშნებდა. ხუმრობას ხუმრობით უპასუხა, თუმცა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე პრეზიდენტის სხვა გზავნილებსაც გამოეხმაურა, რომლითაც ასკვნის, რომ ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გუშინ გვიან ღამით, ვრცელი წერილით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეწყალება საქმეს ვერ უშველის. თავის მხრივ დაასახელა არგუმენტებიც. მმართველი გუნდი და ოპოზიცია კი ქვეყნის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა. გამოსავალს ზურაბიშვილი ხელისუფლების მხრიდან ჰუმანური გზების პოვნაში, სააკაშვილის მხრიდან კი დანაშაულების აღიარებასა და ამ დათქმით პოლიტიკისა და ქვეყნის დატოვებაში ხედავს.

პრეზიდენტის გზავნილები ოპოზიციისთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ჰგავს, რადგან მათი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა რეალურად არ გამოიყენა შანსი, სააკაშვილის შეწყალებით, პოზიტიური როლი ეთამაშა ქვეყნის განვითარებაზე.

უმრავლესობის ნაწილმა პრეზიდენტს პოზიცია კანონის უზენაესობასთან შეუსაბამოდ ჩაუთვალა. ნაწილმა კი აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ზურაბიშვილის პათოსში სააკაშვილის გათავისუფლების სურვილი იკითხებოდა, თუმცა ეს ბოლოს საზოგადოებრივი აზრის მიმართ შიშით დაბალანსდა.

სალომე ზურაბიშვილმა მიმდინარე პროცესები გუშინ გვიან ღამით 2 განცხადებით შეაფასა. მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გარდა, მან დრო ქვეყნის შიგნით თუ გარეთ დამაზიანებელ პროცესებზე საუბარს დაუთმო, რამაც მისი თქმით, საქართველოს იმიჯი პარტნიორების თვალში შელახა.

დღის ამბები