12 000 ცხედარი - დაღუპულთა რაოდენობა კატასტროფულად იზრდება, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ცოცხლად გადარჩენის შანსი კი სულ უფრო მცირდება. ვითარება ეპიცენტრში უმძიმესია. მაშველებს სამძებრო სამუშაოები ძლიერ ყინვასა და ქარბუქში უწევთ, მათ შორის არის 60 ქართველი, რომლებმაც უკვე შეძლეს ერთი სიცოცხლის გადარჩენა. 21 წლის გოგო ქართველმა მაშველებმა მრავალსართულიანი კორპუსის ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
უახლოეს საათებში სტიქიის ზონაში სპეცტექნიკით აღჭურვილი კიდევ 40 ქართველი მაშველი ჩავა.
ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ მიწისძვრას თურქეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე შეეწირა. სულ დაღუპულია სამი ქართველი, კიდევ რამდენიმეს ამ დრომდე ეძებენ.
ტრაგედიის ადგილზე უკვე მეორე დღეა მუშაობს "კურიერის" გადამღები ჯგუფი.
"კურიერი" დღეს ქალაქ ქაჰრანმარმარაშიც იმყოფებოდა, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრიდან სულ რაღაც 80 კილომეტრში მდებარეობს.
ქალაქ ქაჰრანმარმარაში სიცოცხლემ არაერთხელ გაიმარჯვა. მამაკაცი, რომელმაც ნანგრევებში 60 საათზე მეტი გაატარა, მაშველებმა გადაარჩინეს.
ემოციური და მძიმეა იქ შეკრებილი ადამიანების ისტორიები. მეუღლე ჩამოშლილი შენობის ქვეშ მოყოლილ ქმარს ამხნევებს. მოგვიანებით, ნანგრევებიდან ხმა შეწყდა. რამდენიმე საათში მაშველებმა ის გარდაცვლილი იპოვეს.
მაშველები 24 საათიან რეჟიმში განუწყვეტლივ ეძებენ ადამიანებს იმ იმედით, რომ მათ გადარჩენას მოახერხებენ. პროცესში ჩართული არიან რიგითი მოქალაქეები და მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნიდან.
ქალაქ ქაჰრანმარმარაში საცხოვრებელი სახლების ნანგრევებთან მყოფ თითოეულ ადამიანს მძიმე ისტორია აქვს. ყველა მათგანს ახლა მხოლოდ ის იმედი აერთიანებს, რომ მიწის ქვეშ მოყოლილი ოჯახის წევრები გადარჩებიან.
ქალაქში, რომელიც მიწისძვრის მთავარი ეპიცენტრი იყო, ახლა თითქმის ყველა შენობა დანგრეულია. იქ კი, სადაც ახლა ადამიანების გადაადგილება აკრძალულია, "კურიერის" გადამღები ჯგუფი მივიდა.
ქალაქ ქაჰრანმარმარაშის მოსახლეობა ღამეს ღია ცისქვეშ, ყინვაში ატარებს. თუმცა, სიცივეს ვერავინ გრძნობს - მოქალაქეები მაშველების დახმარებას ცდილობენ, ქუჩაში დარჩენილ ადგილობრივებს კი მოხალისეები ეხმარებიან.
რთული მისია აქვთ ქართველი მაშველების ოთხფეხა დამხმარეებს. ბელგიური ნაგაზი "ტინტო" ნანგრევებში გადარჩენილებსა და დაღუპულებს ეძებს.
ქალაქ ადამაინში უკვე მეორე დღეა, ქართველი მაშველები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიწისძვრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებენ. დამატებითი დამხმარე ძალა 40 მეხანძრე-მაშველის სახით საქართველოდან თურქეთში უკვე გაემგზავრა.
ელჩი და ადგილობრივი მოსახლეობა ქართველ მაშველებს მადლობას უხდიან. წამყვანი თურქული მედიასაშუალებები კი მათ გმირობაზე წერენ.