თურქეთის სამხრეთი და სირიის ჩრდილოეთი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა - მიუხედავად იმისა, რომ უბედურების ზონას მთელი მსოფლიო ეხმარება, უსახლკაროდ დარჩენილებს ამ დრომდე არ ჰყოფნით კარვები, თბილი ტანსაცმელი და პლედები. დღეს მიწისძვრის ეპიცენტრში ჩასულმა ერდოღანმაც აღიარა, რომ მის მთავრობას გზების გაწმენდის და პირველადი დახმარების ლოჯისტიკის პრობლემები აქვს.
კიდევ უფრო რთულია სიტუაცია სირიაში, სადაც შიმშილს და ქვეყანაში გავრცელებულ ქოლერას თითქმის 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაემატა.
მხოლოდ სირიაში უსახლკაროდ დარჩენილია 300 000 ადამიანი, დაღუპულთა რაოდენობამ კი 3 000-ს გადააჭარბა. დამასკოს არ ჰყოფნის სამაშველო ჯგუფები, მედიკოსები და საკვები. სირია ახლა თავიდან ბოლომდე საერთაშორისო ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება თურქეთს - ნგრევის მასშტაბი საქართველოს მეზობელ ქვეყანაში კიდევ უფრო დიდია, მეტია დაღუპულიც. ამ დროისთვის თურქეთში დადასტურებულია 8 000 ადამიანის სიკვდილი. მიწისძვრიდან 60 საათის შემდეგ, დღეს მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 6 ადამიანი ამოიყვანეს.