26 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
ისინი თუ მანდატებს დატოვებენ, ეს იქნება დამატებითი ფინანსური ტვირთი იმ ოლიგარქისთვის, რომელიც აფინანსებს დღეს ენმ-ს შესაბამის ფრთას - ირაკლი კობახიძე

"ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ შიდა დაპირისპირებას, რომელიც პროტესტის ფორმის საკითხს უკავშირდება, მმართველი გუნდი ეხმაურება. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ნაცმოძრაობას" მანდატები დასატოვებლად ენანება, ვინაიდან ეს მათთვის და კეზერაშვილისთვის დამატებით ფინანსურ შეღავათს წარმოადგენს.

"რეალურად მანდატები ენანებათ, ეს დაინახა ყველამ. მეორე, მათი ფინანსები ბუნებრივია არის შეღავათი კეზერაშვილისთვის, ისინი თუ მანდატებს დატოვებენ ეს იქნება დამატებითი ფინანსური ტვირთი იმ ოლიგარქისთვის, რომელიც აფინანსებს დღეს "ნაცმოძრაობის" შესაბამის ფრთას.

ჩვენთვის არც ასე, არც ისე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს თუ რა რეჟიმში იქნება "ნაცმოძრაობა", მთავარია, რომ ისინი არიან დასუსტების რეჟიმში, ეს არის მთავარი რეჟიმი, რომელიც ახასიათებს დღეს "ნაცმოძრაობას". ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათი თავმჯდომარეა ხაბეიშვილი და ეს ძალიან კარგი პროცესი, რაც წარიმართება ამ პოლიტიკურ პარტიაში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანის აზრით, პოლიტპარტია, რომელიც არ იყენებს პოლიტიკურ ინსტრუმენტებს პოლიტიკური კრახისთვის განწირულია.

"პოლიტიკური პარტია, რომელიც არ იყენებს პოლიტიკურ ინსტრუმენტებს და მანდატებს მე მგონია, რომ პოლიტიკური პარტიისთვის არის კრახი. თუმცა, ეს არ არის გასაკვირი იმიტომ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლო პერიოდში განვითარებული ვითარებები პრაქტიკულად კარიკატურულია და ეს გადაწყვეტილებაც ამ კასკადის ნაწილია," - ამბობს ირაკლი ჩიქოვანი.

დღის ამბები