26 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
ყოფილი პრეზიდენტის მიერ არაღიარებული, არ მონანიებული დანაშაულების შედეგად, მოსალოდნელია, გათავისუფლების შემთხვევაში, იგი იქცეს აქტიურ მოწინააღმდეგედ არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ რეალურად ქვეყნის რეპუტაციის და მაშასადამე მისი ევროპული შანსების - სალომე

ყოფილი პრეზიდენტის მიერ არ აღიარებული, არ მონანიებული დანაშაულების შედეგად, მოსალოდნელია, მისი გათავისუფლების შემთხვევაში, იგი იქცეს აქტიურ მოწინააღმდეგედ, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ რეალურად ქვეყნის რეპუტაციის და მაშასადამე მისი ევროპული შანსების, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ქვეყნის ამ უზარმაზარი შანსის ხელიდან გაშვება, ჩვენი ევროპული გზის პრიორიტეტიდან მეორად საკითხად გადაყვანა და მისი სხვა თემით შეცვლა არის დანაშაული და მომავლის წინაშე დიდი პასუხისმგებლობა.

"ყოფილი პრეზიდენტის მიერ არ აღიარებული, არ მონანიებული დანაშაულების შედეგად, მოსალოდნელია, მისი გათავისუფლების შემთხვევაში, იგი იქცეს აქტიურ მოწინააღმდეგედ, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ რეალურად ქვეყნის რეპუტაციის და მაშასადამე მისი ევროპული შანსების.

ქვეყნის ამ მდგომარეობაში ჩაძირვის პასუხისმგებლობა ერთნაირად ნაწილდება მათზე, ვინც დაარწმუნეს ყოფილი პრეზიდენტი შემოსულიყო, და მათზე, ვინც შემოუშვა და რეალურად აღარ უშვებს.

ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ ევროპული გზა და 12 რეკომენდაციის შესრულება პოლიტიკური დღის წესრიგიდან პრაქტიკულად  ამოაგდო.

ქვეყნის ამ უზარმაზარი შანსის ხელიდან გაშვება, ჩვენი ევროპული გზის პრიორიტეტიდან მეორად საკითხად გადაყვანა და მისი სხვა თემით შეცვლა არის დანაშაული და მომავლის წინაშე დიდი პასუხისმგებლობა. ამ დღეში მიტოვებული მოქალაქეები ქვეყნიდან რომ მიდიან ეს მმართველი პარტიის და ოპოზიციის ერთობლივი პასუხისმგებლობაა.

პრეზიდენტისკენ ხელის გამოშვერა არაფრის მომტანია, თუ არა კიდევ ერთხელ საზოგადოების მოტყუების მცდელობა, ვითომ არ იცოდეს ყველამ, ან ერთმა ან მეორემ, რომ პრეზიდენტის შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება (კიდევ სამ საქმეზე არის ბრალდებული)  და რაც მთავარია ვითომც ამ  ხელმოწერით ქვეყანა თავის სახეს და რეპუტაციას ვერ დაიბრუნებს და ვერც გადამწყვეტ შედეგს მიაღწევს ევროპულ გზაზე.

ჩვენი სახის დაბრუნებას და ნდობის აღდგენას უნდა სხვა ძალისხმევა, სხვა შეგნება: ხელისუფლებისგან, რომ ეს საკითხი აზიანებს ქვეყანას და უნდა მოიძებნოს სამართლებრივი და ჰუმანური გამოსავალი; ოპოზიციისგან, რომ ერთხელ და სამუდამოდ სააკაშვილმა აღიაროს დანაშაული და პოლიტიკიდან წასვლის პირობით მძევლობიდან გაათავისუფლოს ქვეყანა და თვით ოპოზიცია.

ყველამ უნდა დაამთავროს ამ ქვეყნის მომავლით სპეკულირება და თამაში, აიღოს პასუხისმგებლობა და შეწყვიტოს ქვეყნის სახის დაზიანება. ეს საკითხი ქართული პოლიტიკური სივრციდან უნდა მოიხსნას და ამით ამ ქვეყანას საშუალება მიეცეს, ისუნთქოს, იცხოვროს, განვითარდეს და მიიღოს ევროკავშირის დამსახურებული კანდიდატის სტატუსი! ეს არის საქართველოს მოსახლეობის ნება და დაკვეთა თავისი ხელისუფლების მიმართ და არავის აქვს უფლება ყველაფერი არ გააკეთოს ამ ნების აღსასრულებლად,"- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. 

 



დღის ამბები