26 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ დათმო საპარლამენტო მანდატები, ხელფასები და აბსოლუტურად სხვა ნარატივზე გადავიდა- მამუკა მდინარაძე 

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ დათმო საპარლამენტო მანდატები, ხელფასები და აბსოლუტურად სხვა ნარატივზე გადავიდა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ყოფილი მმართველი პარტიის ხელმძღვანელობაში წარმოდგენა არ აქვთ, რას აკეთებენ.

"მგონი, უბრალოდ, მუშაობა ეზარებათ, მაგრამ უფრო სერიოზულად თუ ვიტყვით, მათ შორის ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში, როცა ბოლო პუნქტები დარჩა შესასრულებელი და უმეტესად მათზეა დამოკიდებული შესრულდება თუ არა, ახლა ბოიკოტირება რამდენად რელევანტურია ჩვენი ქვეყნის გამოწვევებთან, ეს საზოგადოებამ განსაჯოს. თუმცა, გუშინ მათი კომიკური თავმჯდომარის პირველი განცხადებით მე საერთოდ არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ისინი მანდატებს არ ტოვებდნენ, დღეს დაიხიეს უკან და დღეს თქვეს, რომ მანდატებს არ ვტოვებთ, უბრალოდ, ბოიკოტს ვუცხადებთო. ბოიკოტი შემდეგ დააკონკრეტა ზოგიერთმა მისმა კოლეგამ. გუშინ პათოსი ისეთი იყო, რომ ისინი საერთოდ გადიოდნენ. ბოიკოტის არსშიც ვერ ერკვევიან.

რეგლამენტში წერია, ბოიკოტის წესი არის, რომ კონკრეტულ სხდომებს, საკითხებს ვუცხადებ ბოიკოტს და ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო ამ საკითხების განხილვას არ ვესწრები. ესენი დაწერენ ხოლმე ბოიკოტს და მიდიან შემდეგ სადღაც ერთი თვე. ამას ეძახიან ბოიკოტს. ეს არასწორი პრაქტიკაა და ამ პრაქტიკის პარალელურადაც კი საქართველოს პარლამენტში ყოველკვირეულად იწერებოდა ბოიკოტზე განცხადებები, რათა მითითებული ყოფილიყო მიზეზი, რა პოლიტიკური შეხედულებების საწინააღმდეგოდ განვიხილავდით აქ საკითხებს და ასე შემდეგ.

მეორე საკითხია, რომ, გუშინდელი პათოსიდან განსხვავებით, დღეს მათ ნამდვილად უკან დაიხიეს და ვეღარ დათმეს საპარლამენტო მანდატები, ხელფასები და აბსოლუტურად სხვა ნარატივზე გადავიდნენ. გუშინ პარლამენტიდან გავიდა, დღეს ბოიკოტად გადააკეთა, თვითონაც არ იციან, რას აკეთებენ. კომიკური ფიგურები აღმოცენდნენ "ნაცმოძრაობის" ხელმძღვანელობაში და წარმოდგენა არ აქვთ, რას აკეთებენ. დაალაგეს სპეკულაციური კამპანია, შევიდნენ ჩიხში და ახლა რაღაცას აჩვენებენ თავიანთ ბელადს, რომ ჩვენ, უბრალოდ, არ ვჩერდებითო, აწონებენ თავს თავიანთი დავალების მიმცემებს და ბელადს. რეალურად, წარმოდგენა არცერთს არ აქვს, რას აკეთებენ", – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები