26 ნოემბერი 2024,   20:20
ვრცლად
"პროგრესული კაცობრიობა არის ჩემი შვილის მხარეს, ახლა იქნება სტრასბურგი" - გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მოსამართლის მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებენ ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრები და მისი უფლებადამცველი. გიული ალასანიას განცხადებით, ისინი განაჩენს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.

"მშვენივრად ვიცით, რა პირობებში გვიხდება ცხოვრება. ერთადერთი მოკავშირე ამ ხელისუფლებას ჰყავს რუსეთში - ეს არის რეალობა. მთელი პროგრესული კაცობრიობა არის ჩემი შვილის მხარეზე. ახლა იქნება სტრასბურგი," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ.

ექსპრეზიდენტის ძმა, გიორგი სააკაშვილი ამბობს, რომ ბრძოლას ახლა იწყებენ.

"ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ბრძოლას ახლა ვიწყებთ. ჩვენ ამას არ შევეგუებით, აუცილებლად გავასაჩივრებთ სტრასბურგის სასამართლოში. ჩვენ გვერდით გვიდგას მთელი თანამეგობრობა, გვიდგას უკრაინა, რომლის მოქალაქეც დღეს-დღეისობით არის და სირცხვილი ჭამა საქართველოს ხელისუფლებამ. აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე," - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე სასამართლოში გამოცხადებულ განაჩენს პოლიტიკურს უწოდებს, რომელსაც სასამართლოსთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.

"გადაწყვეტილება არის პოლიტიკური, ამას არაფერი საერთო არ აქვს სამართალთან. უფრო მეტიც, მოსამართლის კარნახით იყო სამხარაულის დასკვნაც წარმოდგენილი. მის ამ გადაწყვეტილებას საკმაოდ სერიოზული გამოცდა ელოდება სულ რამდენიმე დღეში. ბუნებრივია, ჩვენ მივმართავთ ევროპის ადამიანთა უფლებების დაცვის სასამართლოს,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.

სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობა ადვოკატებმა წარადგინეს.

ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები