ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით 2022 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი აღიარეს. გასული წელს 23 წლის ქართველმა სპორტსმენმა ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვანი ტურნირი მოიგო, გრიგალაშვილმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე კონკურენტები უშანსოდ დაამარცხა.
2022 წლის საუკეთესო მწვრთნელიც ქართველია, პრესტიჟული ჯილდო ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლაშა გუჯეჯიანს გადაეცა.
გასული წლის საუკეთესო იპონის ავტორი ბექა ღვინიაშვილია, საუკეთესო ორთაბრძოლად გრიგალაშვილისა და ბელგიელი მატიას კასეს შეხვედრა აღიარეს.
2022 წლის საუკეთესო ძიუდოისტები და მწვრთნელები საერთაშორისო ფედერაციამ პარიზის გრანდ სლემის პარალელურად დააჯილდოვა, ტურნირი რომელიც ძიუდოს სამყაროში გამორჩეულია საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ქართველმა ძიუდოისტებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.
ტატო გრიგალაშვილმა პარიზის გრანდ სლემზეც პირველი ადგილი მოიპოვა, ფინალში მან გერმანელი ტიმო კაველიუსი იპონით დაამარცხა. ფინალამდე კი იტალიელ, იაპონელ, არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და თურქეთის წარმომადგენლებს აჯობა.
პარიზის გრანდ სლემი ზედიზედ მეორედ მოიგო ლაშა შავდათუაშვილმა. ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ბრაზილიელ დანიელ კარნინს აჯობა, ფინალი ხანმოკლე გამოდგა, შავდათუაშვილმა სამხრეთ ამერიკელი წუთსა და 8 წამში იპონით დაამარცხა.
კიდევ ერთი მედალი საქართველოს ნაკრებს ლუკა მაისურაძემ შესძინა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიის რეპეშაჟის გადამწყვეტ შეხვედრაში მან ჩეხი დავიდ კლამერტი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.