ბრინჯი, ლობიო, წიწიბურა შაქარი, ხორცი - ეს იმ სასურსათო პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც მოქალაქეების აზრით, ყველაზე მეტად გაძვირდა. ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პირველადი საჭიროების სურსათზე ფასები რეალურ სურათს არ ასახავს.
სურსათზე საშუალოდ 70-80 პროცენტიან ფასნამატს, დაუშვებლად მიიჩნევს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ კონკურენციის სააგენტოს პირველადი მოკვლევით იმპორტიორების მხრიდან მოგების მარჟა ხშირად 100 პროცენტამდეც ადის. მთავრობის მეთაურმა დღეს მინისტრებს ბაზრის შესასწავლად სპეციალური ჯგუფის შექმნაც დაავალა.
პროდუქტებზე ფასნამატების რეალურობას და მოგების მარჟებს მთავრობის ეკონომიკური გუნდი კონკურენციის სააგენტოსთან ერთად შეისწავლის. ვიცე-პრემიერმა დღეს მედიასთან განმარტა, რომ იმპორტიორების მხრიდან არაკონკურენტული მიდგომების აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირება შესაბამისი იქნება. ლევან დავითაშვილის თქმით, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ბაზარი ფასს ავტომატურად დაარეგულირებს.
პროდუქტებზე ფასების მაღალ მარჟას არც დისტრიბუტორთა ასოციაციაში უარყოფენ. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ფასნამატს საკუთარი ობიექტური მიზეზები შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, მზად არიან რომ ახლადშექმნილ სამუშაო ჯგუფებთან აქტიურად ითანამშრომლონ.
ბაზრის პირველადი მოკვლევის ტენდენციებზე და სამომავლო გეგმებზე მედიასთან დღეს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმაც ისაუბრა. ირაკლი ლექვინაძის თქმით, უწყება მზადაა იმპორტიორებთან ერთად ბაზარზე შესაძლო მონოპოლიების იდენტიფიცირებაზე იმუშაოს.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი სამთავრობო ჯგუფი, სურსათის ბაზარზე ფასების შესწავლას უახლოეს მომავალში დაიწყებს.