26 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
მინდა ვიყოთ მიმტევებლები და ჰუმანურები - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება - სასჯელის გადავადების ან გაუქმების შესახებ განხილვა საფინალო ეტაპზეა. მხარეები დასკვნით სიტყვას ამბობენ, რის შემდეგაც მოსამართლის გადაწყვეტილებას მოვისმენთ. არ არის გამორიცხული განაჩენი დღესვე იყოს გამოცხადებული. სხდომას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც ესწრებიან.

სხდომა დაახლოებით 1 საათია მიმდინარეობს და ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები დასკვნით სიტყვას ამბობენ, სადაც ხაზი გაუსვეს ჩვენებას, რომელიც წინა პროცესზე სამხარაული ექსპერტებმა და „ვივამედის“ კლინიკის დირექტორმა მისცეს. ადვოკატები დღეს პროცესზე აღნიშნავენ იმას, რომ მათ ცრუ ჩვენება მისცეს სასამართლოს და შესაბამისად ეს არ უნდა გაითვალისწინოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ.

ადვოკატებს არ აქვთ მოლოდინი, რომ გიორგი არევაძე მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს და მიხეილ სააკაშვილს სასჯელს გადაუვადებს, თუმცა დღევანდელ სხდომაზე უფლებადამცველმა შალვა ხაჭაპურიძემ მიმართა მოსამართლეს, რომ სააკაშვილის მოთხოვნა სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილოს და სწორედ ეს გადაწყვეტილება იქნება შემდგომში შერიგება.

"წარმოუდგენელია 21-ე საუკუნეში ვეფხისტყაოსანის ერს პრეზიდენტი ციხეში უკვდებოდეს, ჩემის აზრით ეს დაუშვებელია. ჩვენ ვართ ის თაობა, რომლებმაც ბოლო 30 წელიწადი და ცოტა უფრო მეტი ჩვენ თვალწინ გაიარა. მე მიმაჩნია, რომ გვეყო დაპირისპირება, ლანძღვა, შურისძიება, მინდა ვიყოთ მიმტევებლები და ჰუმანურები. უნდა დავიწყოთ ძლიერი საქართველოს შენება, სხვა გზა არ გვაქვს. სხვანაირად ჩვენნაირი პატარა ერი ვერ გადარჩება. ბატონო მოსამართლევ, თქვენ შეგიძლიათ დღეს თქვენი გადაწყვეტილებით ითამაშოთ ისტორიული როლი და საფუძველი ჩაუყაროთ დიდ შერიგებას. ეს შანსი თქვენ ხელიდან არ უნდა  გაუშვათ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.

ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები