უახლოეს დღეებში საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები მოსახლეობას საავტომობილო გზების ნაწილზე ქარბუქისა და ლიპყინულის გამო ტრანსპორტის შესაძლო შეზღუდვის შესახებ აფრთხილებენ.
"6 თებერვლიდან აღმოსავლეთ, ხოლო 7 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში 8 თებერვლის დილამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა,“ – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.