26 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
ომის 346-ე დღე უკრაინაში - რა ხდება ფრონტის ხაზზე

ლიმანი, ბახმუტი, ავდიივკა და ნოვოპავლოვსკი - ომის 346-ე დღეს ფრონტის ყველაზე ცხელი ზონებია. რუსეთის სამხედრო დანაყოფები დანაკარგების მიუხედავად შეტევას არ წყვეტენ. თავისმხრივ პოზიციების დათმობას არ აპირებენ უკრაინელი სამხედროები.

ოკუპანტის ხელწერა უცვლელია დასახლებული პუნქტების მიმართ. ბოლო საათების განმავლობაში ხარკოვისა და მიკოლაივის ოლქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე 20 საჰაერო და 3 სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ყოველდღიურ მიმართვებში უკრაინის პრეზიდენტი ცდილობს მოსახლეობა გაამხნეოს, თუმცა არ უარყოფს, რომ წნეხის კიდევ უფრო გაზრდას ელოდება. საპასუხოდ, უკრაინა პარტნიორებისგან თავდაცვით შეიარაღებას იმარაგებს.

დახმარება მოცულობითია და 2.2 მილიარდი დოლარის ღირებულების არის. შტატები უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებთან და რადარებთან ერთად, ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, ჯავშანმანქანებს, ჰაიმარსისთვის განკუთვნილ ჭურვებს და 150 კილომეტრის დაფარვის მქონე ზუსტი დამიზნების ე.წ. ჭკვიან რაკეტებს მიაწვდის. ჩამონათვალშია ტყვიამფრქვევები და სხვადასხვა დასახელების საბრძოლო მასალა.

უკრაინა მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას იღებს ევროპელი პარტნიორებისგანაც. ტანკების მიწოდების შესახებ ახალი შეთანხმებები უკვე დაიდო მათ შორის პოლონეთთან და გერმიანიასთან.

რუსეთის მხრიდან თავდასხმების გახშირებას და მასშტაბის ზრდას ელოდება სი-აი ეი-ს დირექოტრიც. ამასთან უილიამ ბერნსი ვარაუდობს, რომ ომი გადამწყვეტ ფაზას 6 თვეში მიაღწევს.

ვიდრე ომის ბედი გადაწყდება ახლო პერსპექტივაში ყველაზე დიდი საფრთხე 24 თებერვლის მოახლოებას უკავშირდება. დაზვერვის ინფორმაციით, სამ კვირაში, ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზე ოკუპანტი ჩრდილეოთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ მიმართულებებიდან მძლავრი შეტევის განხორციელებას და გეგმავს.

დღის ამბები