26 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
66 წელი აკადემიური თეატრის სცენაზე და არაერთი დასამახსოვრებელი როლი - თეატრალური სამყარო და მაყურებელი ჯემალ ღაღანიძეს ემშვიდობება

თეატრალური სამყარო და მაყურებელი ჯემალ ღაღანიძეს ემშვიდობება. რუსთაველის თეატრის მსახიობი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯემალ ღაღანიძემ აკადემიური თეატრის სცენაზე 66 წელი გაატარა და მაყურებელს თავი არაერთი დასამახსოვრებელი როლით შეაყვარა. "გვადი ბიგვა", "ხანუმა", "კავკასიური ცარცის წრე", "მაკბეტი" და კიდევ ათობით როლი, რომელიც ცნობილმა მსახიობმა არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც ითამაშა.

არანაკლებ პოპულარობას მიაღწია ჯემალ ღაღანიძემ კინოში შესრულებული როლებითაც. მსახიობმა მონაწილეობა 20-ზე მეტ ფილმში მიიღო, მათ შორის ისეთ კინოსურათებში როგორებიცაა, "ნატვრის ხე", "ნერგები", "ფეოლა" და "ჩემი მეგობარი ნოდარი". ჯემალ ღაღანიძესთან დამშვიდობება მაყურებელს ორშაბათს და სამშაბათს, რუსთაველის თეატრში ექნება.

დღის ამბები