26 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
საქართველომ ევროკომისიისგან დადებითი შეფასება მიიღო -კითხვარი, რომელიც გასული წლის მაისში შეივსო და ბრიუსელს გაეგზავნა, ევროპის დედაქალაქიდან შეაფასეს

კითხვარი, რომელიც გასული წლის მაისში შეივსო და ბრიუსელს გაეგზავნა, თითქმის 8 თვის შემდეგ ევროპის დედაქალაქიდან შეაფასეს. 57 გვერდიანი ანგარიში 33 მიმართულებას მოიცავს და იმ პროგრესზე მიუთითებს, რომელსაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია. ანალიტიკური დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანა ტრიოს წევრ ქვეყნებს შორის, საკმაოდ ბევრ სექტორში ლიდერია, საქართველოს კანონმდებლობა კი თანხვედრაშია ევროკავშირის სტანდარტებთან.

მიღწევები, რომელზეც ანგარიშში ევროკომისია წერს მათ შორის ეხება ეკონომიკურ და მონეტარული პოლიტიკას, საბაჟო კონტროლს, განათლებას, მეცნიერებას, ტერორიზმის პრევენციას.

დადებითი შეფასებები საქართველოს საგარეო უწყებისთვის ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის პროგრესის პირდაპირი დადასტურებაა. უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საქართველო წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

პროგრესი საქართველოს კიდევ რამდენიმე მიმართულებით აქვს, მათ შორის, ანგარიშში წერია, რომ ქვეყანა გარკვეულ დონეზე მომზადებულია მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში საერთო უფლებებისა და ვალდებულებების განსახორციელებლად. გარდა ამისა, ევროკომისია აღიარებს საქართველოს წინსვლას დასაქმების პოლიტიკისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით, ქვეყანაში ამ კუთხით კანონმდებლობა მოწესრიგებულია. კომისიის ანგარიშს საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი.

სტატუსის მინიჭებას ქვეყანა რომ პირველივე ეტაპზე, ივნისშიც იმსახურებდა - ამაზე მმართველი გუნდი ახლა უფრო მყარი არგუმენტებით საუბრობს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განმარტებით ევროკომისიის ანალიტიკურმა ანგარიშმა აჩვენა, რომ საქართველო უკვე კანდიდატ ქვეყნებთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით მოწინავე პოზიციებზეა. ირაკლი კობახიძის თქმით, დეკემბერში ბრიუსელისგან ობიექტურ გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ევროინტეგრაციის გზაზე, ევროკომისიის პოზიტიური ანგარიში რომ მნიშვნელოვანია, ამაზე ოპოზიციაც თანხმდება. თუმცა, ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ დეკემბერში ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე ეს შეფასებები გავლენას მხოლოდ მინიმალურად მოახდენს, მათი თქმით, გადამწყვეტი სწორედ 12 რეკომენდაციის შესრულებაა.

ევროკომისიის ანგარიშში ასახული პროგრესის ხილვა ახლა მმართველ ძალას ევროკომისიის საბჭოს დასკვნებსა და საბოლოო გადაწყვეტილებაში სურს. საპარლამენტო უმრავლესობა იმედოვნებს, რომ ევროკავშირი ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით იმოქმედებს და დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.

ბრიუსელიდან მიღებული შეფასება საქართველოს მიულოცა ევროკავშირის ელჩმა. პაველ ჰერჩინსკიმ დღეს ღიად თქვა, რომ ქვეყანამ არაერთი მიმართულებით დიდი პროგრესი განიცადა, თუმცა, გარკვეულ სფეროებში მუშაობა კვლავ აუცილებელია. ელჩის აზრით, ანგარიშში წარმოდგენილი პოზიტიური სიგნალები იმ მზადყოფნას აღწერს, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობისთვის გააჩნია.

საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გასული წლის 3 მარტს შეიტანა, რის შემდეგაც ქვეყანამ ევროკომისიისგან კითხვარი მიიღო. სწორედ ამ კითხვარზე პასუხებს მოჰყვა დღეს ევროკომისიის მხრიდან საქართველოს შესახებ ანგარიში, სადაც ასევე წერია, რომ ქვეყანას პროგრესი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების განხორციელების მხრივაც აქვს, საუბარია იმაზეც, რომ საქართველომ წარმატებით დაუახლოვა საბაჟო კონტროლის სფეროში საკუთარი კანონმდებლობა ევროკავშირის მოთხოვნებს და პარალელურად, თანამშრომლობა გააქტიურა ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში.

დღის ამბები