26 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
სააკაშვილის საქმის მთავარი მოწმის უმძიმესი ბრალდებები ყოფილი პრეზიდენტის გარემოცვას - ნინო ნადირაძე ამტკიცებდა, რომ ოჯახის მიერ საგანგებოდ შერჩეული მენიუ, მომაკვდინებელია

მიხეილ სააკაშვილის საქმის მთავარი მოწმის უმძიმესი ბრალდებების ადრესატი დღეს, ყოფილი პრეზიდენტის გარემოცვა აღმოჩნდა. "ვივამედის" კლინიკის დირექტორმა, პატიმრის ახლობლები სუიციდის ხელშეწყობაში დაადანაშაულა და პირდაპირ თქვა, რომ სააკაშვილის წამება მათი მთავარი ამოცანაა. ოთხსაათიანი გამოკითხვის განმავლობაში, ნინო ნადირაძე ამტკიცებდა, რომ ოჯახის წევრების მიერ სააკაშვილისთვის საგანგებოდ შერჩეული, დაბალი კალორაჟის მქონე მენიუ მომაკვდინებელია.

"ვივამედის" კლინიკის დირექტორის ჩვენებაში დასახელებული საკვების შეტანის ფაქტი, არ უარყო მიხეილ სააკაშვილის დედამაც. გიული ალასანია ამბობს, რომ პატიმრის სიკვდილი მათი მიზანი არ არის.

ნინო ნადირაძის ბრალდებებზე, სამართლებრივ რეაგირებას გეგმავს "ნაციონალური მოძრობა", განცხადება ამ თემაზე სასამართლოს შენობაში გიორგი ჩალაძემ გააკეთა.

4-საათიან ჩვენების განმავლობაში, "ვივამედის" კლინიკის დირექტორმა, სამედიცინო პერსონალზე განხორციელებულ ზეწოლასა და შანტაჟზეც ისაუბრა და თქვა, რომ სააკაშვილს რეანიმაციაში გადასაყვანად შესაბამისი პარამეტრები ამ დრომდე არ აქვს.

პროცესის მიმდინარეობისას ადვოკატები ყურადღებას იმ დიაგნოზებზეც ამახვილებდნენ, რაზეც უცხოელი ექსპერტები საუბრობენ. დემენცია, კახექსია და მძიმე ნევროლოგიური დაავადებები - ეს ის საკითხებია, რის გამოც უფლებადამცველები სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვენ. სააკაშვილის გარემოცვას პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვისკენ დღეს პროცესზე კლინიკის დირექტორმა მოუწოდა.

ნადირაძის ხმაურიან ჩვენებას უპასუხეს სააკაშვილის ადვოკატებმაც. დაცვის მხარემ "ვივამედის" კლინიკის დირექტორი არაკომპეტენტურობაში, არაკვალიფიციურობასა და შოუს დადგმაში დაადანაშაულა.

"ვივამედის" კლინიკის დირექტორის გამოკითხვის შემდეგ, სასამართლოს წინაშე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი წარსდგა. ეკა ჩავლეიშვილმა, რომლის აცილებასაც ადვოკატები მიკერძოებულობის გამო ითხოვდნენ, ჩვენებაში ცალსახად თქვა, რომ სამხარაულის დასკვნა სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი არ არის.

ხმაურიანი პროცესს გამოეხმაურნენ უმრავლესობის წარმომადგენლებიც. "ქართულ ოცნებაში" პირდაპირ ამბობენ, რომ სააკაშვილი თვითდაზიანებას არ ეშვება, რაც მათი თქმით უნიჭოდ დადგმული სპექტაკლის ნაწილია.

ხმაურიანი სხდომის დაწყებისთანავე, ადვოკატებმა სასამართლოს იუსტიციის მინისტრის გამოკითხვის შუამდგომლობითაც მიმართეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ავტორი: ანა ბუავა.

დღის ამბები