26 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
წელს შესასრულებელი 5 600 პროექტისთვის, გათვალისწინებულია 3 მილიარდ 600 მილიონი ლარი - საქართველოს მთავრობა

წელს შესასრულებელი 5 600 პროექტისთვის, გათვალისწინებულია 3 მილიარდ 600 მილიონი ლარი - ამის შესახებ პრემიერის და ინფრასტრუქტურის მინისტრის თათბირზე ითქვა. ადმინისტრაციის ცნობით, გაგრძელდება 207 კილომეტრი მაგისტრალური გზის მშენებლობა. სულ, მიმდინარე პროექტების ღირებულება შეადგენს 6.5 მილიარდ ლარს.

ასევე უნდა გაგრძელდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის განვითარება, რომელიც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამჟამად, სამუშაოები მიმდინარეობს მაგისტრალის 108 კილომეტრზე, მათ შორის გამორჩეულია რიკოთის საუკუნის პროექტი, რომლის მთლიანი პროგრესი, საშუალოდ 73%-ია. ამჟამად რიკოთის 51 გვირაბიდან გაჭრილია 41 გვირაბი, 97 ხიდიდან აშენებულია 63 ხიდი და პროექტის ძირითადი მონაკვეთების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს.

ასევე, ადმინისტრაციის ცნობით, უკვე 5 კმ-ზეა გაჭრილი ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი 15 მეტრი დიამეტრის უწყვეტი საავტომობილო გვირაბი, რომელიც ადმინისტრაციის ცნობით მოაგვარებს კლიმატური პირობების გამო ხანგრძლივად ჩაკეტილი გზის პრობლემას. პროექტის დასრულება 2024 წელს არის დაგეგმილი.

გეგმავენ წყალმომარაგების პროექტის დასრულებას 70-მდე ადგილას. ადმინისტრაციის ცნობით შედეგად 200 ათას ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება. აქედან, 60 ათასზე მეტ ბენეფიციარს აქამდე არ ჰქონდა წვდომა უწყვეტ წყალმომარაგებაზე. უნდა დაიწყონ სამუშაოები ბოლნისის, დაბა კაზრეთის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, გუდაურის, წყალტუბოს წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტებზეც, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამის "მშენებლობა განვადებით" ფარგლებში.

რაც შეეხება პროგრამას "განახლებული რეგიონები" - წელს მეორე ფაზაა, აქამდე კი ქვეყნის 63მ მუნიციპალიტეტში, 564 შენობა განახლდა, განახლებული და აშენებულია 92 პარკი და სკვერი, რასაც ჯამში, უკვე მოხმარდა 400 მილიონი ლარი.

ასევე, ადმინისტრაციის ცნობით იწყება 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა. ქვეყნის მასშტაბით, აშენდება 330 ახალი ბაღი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 555 არსებულ ბაღს. პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი მოხმარდება.

ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დაიწყება ახალი პროგრამა ტურისტული მდებარეობების განვითარებისათვის, რომელიც მოიცავს, როგორც არსებული საკურორტო მდებარეობების რეაბილიტაცია-განახლებას, ისე ახალი ცენტრების განვითარებას.

პროგრამისათვის 2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 200 მილიონი ლარი. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის UEFA-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატისათვის, დასკვნით ფაზაშია 10 საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა და რეაბილიტაცია.

დღის ამბები