26 ნოემბერი 2024,   20:18
ვრცლად
ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში წარადგინა

ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში წარადგინა - მართლმსაჯულება, შიდა ბაზარი, კონკურენტუნარიანობა, ინკლუზიური ზრდა, მწვანე დღის წესრიგი, მდგრადი დაკავშირებადობა, სოფლის მეურნეობა და საგარეო ურთიერთობები - ეს ანგარიშში შეტანილი ჩამონათვალია.
მოხსენებაში შეფასების შემდეგი სკალებია: ადრეული ეტაპი, მომზადების გარკვეული დონე, ზომიერად მომზადებული, მომზადების კარგი დონე და მომზადების მაღალი დონე.

დოკუმენტი ასახავს სიტუაციას 2022 წლის ივნისის მდგომარეობით, როდესაც ევროკომისიამ საქართველოს განაცხადის შესახებ საკუTარი მოსაზრება გამოაქვეყნა. 57 გვერდიან ანგარიშში შეფასებულია ქვეყნის საერთო შესაძლებლობა, შეასრულოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. ანუ, ევროკავშირის კანონთა კრებული, როგორც ეს გათვალისწინებულია ევროკავშირის ხელშეკრულებაში, მეორადი კანონმდებლობა და ევროკავშირის პოლიტიკა, ეს ანალიტიკური ანგარიში არ ეხება საქართველოს მთავრობის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო მიისწრაფვის ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრობისკენ. ასევე, ნათქვამია, რომ საქართველოს აქვს ტერორიზმთან პრევენციული ბრძოლის ადეკვატური რესურსი.

აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ვიზებისა და სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოების მახასიათებლები შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. სასაზღვრო კონტროლის კანონმდებლობა ნაწილობრივ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას. ანალიტიკურ ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ სასაზღვრო შემოწმების ხარისხის გასაუმჯობესებლად საჭიროა დამატებითი ტექნიკური და ადამიანური რესურსები.
საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში კი ზომიერად არის მომზადებული.

დოკუმენტში საუბარია ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიმართულებით ევროკავშირის დირექტივებთან დასაახლოვებლად.

ანგარიშის მიხედვით, საქართველო აჩვენებს, რომ კარგად ესმის ევროკავშირის კანონმდებლობა, შრომის სამართლის სფეროებში, და აქვს გარკვეული დონის მომზადება სოციალური პოლიტიკისა და დასაქმების სფეროში.
ანალიტიკურ ანგარიშში დადებითად არის მოხსენებული განათლების სისტემის მაჩვენებლებიც.

მსგავსი ანალიტიკური ანგარიშები გადაეგზავნათ უკრაინასა და მოლდოვასაც, რომელთა მიხედვითაც გარკვეული რეფორმების მიმართულებით საქართველო მოწინავე მდგომარებაშია.


დღის ამბები