დღეს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობით პროცესია ჩანიშნული. დაცვის მხარის განცხადებით, ახალი შუამდგომლობის დაყენებას გეგმავენ, რომლითაც იუსტიციის მინისტრის დაკითხვას მოითხოვენ.
მათივე განმარტებით, მიზეზი რატი ბრეგაძის მიერ გაკეთებული მწვავე პოლიტიკურ განცხადებებია. რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
"ვაყენებთ შუამდგომლობას იმის თაობაზე, რომ მოწმის სახით მოწვეული იქნას სასამართლოში იუსტიციის მინისტრი. გამომდინარე იქიდან, რომ ის აკეთებს ძალიან მწვავე პოლიტიკურ განცხადებებს. ალბათ დასაკითხი დარჩება ის ექსპერტები, რომლებიც მოწვეული ჰყავს პენიტენციურ დაწესებულებას," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ვალერი გელბახიანი.
ამასთან, ექსპრეზიდენტის უფლებადამცველისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილს. მას მიაჩნია, რომ პაციენტს ნების საწინააღმდეგოდ ვერც პენიტენციური დაწესებულება და ვერც სამედიცინო პერსონალი პარენტერალურ კვებაზე ვერ გადაიყვანს.
"იძულებით, სახელმწიფო, ვერც პენიტენციური დაწესებულება და ვერც კლინიკა ბუნებრივია ვერ დაუწყებს პარენტერალურ კვებას. ჩვენ ვთვლით, რომ მას არ გააჩნია ის დაავადება, რომლის მკურნალობა საქართველოში არ შეიძლება და საბოლოო ჯამში ეს მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს," - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.