26 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
მმართველი პარტია ისევ რეიტინგების ლიდერია - "ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" ახალი კვლევები გამოაქვეყნა 

ქვეყანაში მთავრობის საქმიანობის რეიტინგი გაიზარდა. "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" ბოლო კვლევებით ირკვევა, რომ წინა წელთან შედარებით, ხელისუფლების მუშაობას დადებითად გამოკითხულთა 10 პროცენტით მეტი, ანუ 51 პროცენტი აფასებს. რესპონდენტების დიდი ნაწილი, რომელიც ორგანიზაციამ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხა, თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, სახელმწიფო ინსტიტუტები კი გამართულად მუშაობს. 

NDI-ს კვლევებს, ტრადიციულად, უნდობლობას უცხადებს რეიტინგების ლიდერი პარტია, თუმცა მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ხელისუფლების საქმიანობით კმაყოფილი მოსახლეობის რიცხვი ორგანიზაციამ მიკერძოებულ კვლევაშიც ვერ დამალა.

სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ გაზრდილი ნდობის პარალელურად, მაღალია "ქართული ოცნების" რეიტინგიც. 2022 წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ მმართველ პარტიას გამოკითხულთა 25 პროცენტი უჭერს მხარს, დანარჩენ ოპოზიციას კი ჯამში 19 პროცენტი. ამავე მონაცემების მიხედვით, "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი 6 პროცენტამდე დაეცა, რასაც პარტიის წევრები გუნდში არსებულ დაპირისპირებასა და ჩატარებულ არჩევნებს უკავშირებენ.  

კვლევის მეთოდოლოგიას არ იცნობენ და გამოქვეყნებულ მონაცემებს არ ენდობიან სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. დეპუტატები "ქართულ ოცნებას" უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მონაცემები არც ქვეყანაში არსებულ ვითარებას და არც მოსახლეობის განწყობას ასახავს. საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ მთავრი პრობლემა ისევ სიღარიბე და უმუშევრობაა.

მმართველ გუნდში დღეს აქცენტს იმაზეც აკეთებდნენ, რომ ხელისუფლების სასარგებლოს უკვე ოპოზიციის მხარდამჭერთა განწყობები შეიცვალა.

უმრავლესობაში ამბობენ იმასაც, რომ მოქალაქეები კარგად ხედავენ, რომ ხელისუფლება დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად მოქმედებს.

დღის ამბები