26 ნოემბერი 2024,   20:16
ვრცლად
ზელენსკი სააკაშვილის ფოტოებით ხელში საქართველოს ხელისუფლებას ექსპრეზიდენტის მიზანმიმართულ მკვლელობაში ადანაშაულებს - რას პასუხობს "ოცნება" და ხალხი უკრაინის პრეზიდენტს

უკრაინა საქართველოსგან საკუთარი მოქალაქის გადაცემას ითხოვს. საგარეო უწყების განცხადებაში მიზეზად მიხელ სააკაშვილის უფლებების უხეში დარღვევა, მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობაა დასახელებული. ოფიციალურ მოთხოვნამდე წამებაზე, მოწამვლასა და სააკაშვილის მიზანმიმართულ მკვლელობაზე უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გამართულ ბრიფინგზე, მიხეილ სააკაშვილის ფოტოებით ხელში დასვა კითხვაც - ვისკენაა საქართველო და მისი ხელმძღვანელობა?!

ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით განცხადება ზელენსკიმ "ტვიტერშიც" გაავრცელა, რასაც სოციალურ ქსელში საქართველოს მოქალაქეების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ქართველმა მომხმარებლებმა უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე 2003-2012 წლებში მოკლული და ნაწამები პირების ფოტოები გამოაქვეყნეს და ის საქმეები გაიხსენეს რომელთა გამოც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მსჯავრდადებულია. კომენტარების ნაწილი პოსტიდან უკვე წაშლილია.

ყალბ ინფორმაციაზე დაფუძნებულ მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს მმართველი გუნდი სააკაშვილის საკითხზე გარე ზეწოლას. ზელენსკის განცხადებაში "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" გლობალურ პიარ სტრატეგიას ხედავს. სახელისუფლებო პარტია ომში მყოფ პრეზიდენტისთვის განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველა საჭირო სერვისით უზრუნველყოფილია და მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბარი არაადეკვატურია.

"ნაციონალური მოძრაობაში" არ უარყოფენ, რომ კიევთან პირდაპირ კონტაქტზე არიან, მათ შორის, უშუალოდ, დავით არახამიასთან. თავად ზელენსკიმაც ისაუბრა ბრიფინგზე, რომ სააკაშვილის ფოტოები მას სწორედ არახამიამ გადასცა. სააკაშვილის პარტიის წევრები უკრაინელ მაღალჩინოსნებს ინფორმაციას დისტანციურადაც აწვდიან და ადგილზეც - ანუ უკრაინაში, სადაც ამჟამად კობა ნაყოფია იმყოფება.

მიხეილ სააკაშვილის საკითხი რომ საქართველო-უკრაინას შორის პოლიტიკურ პრობლემად იქცა - ამაზე სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც საუბრობენ. ნაწილი ზელენსკის განცხადებაში ლეგიტიმურ საფუძველს ხედავს, ნაწილი კი სააკაშვილის მეგობრების აქტიურ მუშაობას.

საპარლამენტო უმრავლესობა უკრაინის პრეზიდენტს ურჩევს, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე ინფორმაცია ოფიციალური უწყებებისგან მიიღოს. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის სასარგებლოდ და საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ კოორდინირებული საერთაშორისო კამპანია მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას უკრაინის პრეზიდენტთან ერთად მოლდოვას პრეზიდენტიც მოითხოვს. მაია სანდუმ განცხადება დღის ბოლოს "ტვიტერში" გაავრცელა.

დღის ამბები