26 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი გამოჩენა სასამართლო პროცესზე და პროცესიდან გაძევებული ცენტრ "ემპათიას" დირექტორი

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტი დღეს სასჯელის გადავადების საქმის განხილვას "ვივამედის" კლინიკიდან, დისტანციურად დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა მიმართვაში ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ადეკვატური მკურნალობაა.

მიმართვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი სხდომას გამოეთიშა, დაცვის მხარის მოწმეების გამოკითხვა კი მის გარეშე რამდენიმე საათს გაგრძელდა. მთავარი, რაზეც დღეს გამოკითხულმა პირებმა ისაუბრეს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო, მათ შორის მხარეების კითხვებს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრმა უპასუხა. თენგიზ წულაძემ თქვა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა.

კიდევ ერთი საკითხი, რაც დღეს სხდომაზე მოწმეებთან დაცვის და ბრალდების მხარეებმა განიხილეს ის დამოკიდებულებაც იყო, რომელსაც პატიმარი ექსპრეზიდენტი კლინიკის მედპერსონალის მიმართ იჩენს. სააკაშვილის პირადმა ექთანმა თქვა, რომ კლინიკის თანამშრომლთა ნაწილი პაციენტთან მუშაობაზე უარს ამბობს, მიზეზად ქეთევან ღვინიანიძემ სტრესული გარემო დაასახელა.

სხდომაზე იყო ხმაურიც, რაც "ემპათიის" დირექტორის სასამართლო დარბაზიდან გაძევებით დასრულდა. მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება ემპათიის ექსპერტის, გალინა კალუშინას გამოკითხვის პარალელურად მიიღო. გიორგი არევაძემ ახსნა, რომ ცენტრის ხელმძღვანელი საკუთარ ექსპერტს მოკლე ტექსტური შეტყობინებით კარნახობდა, თუ რა ჩვენება უნდა მიეცა სასამართლოსთვის.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განმარტებები დღეს კლინიკა "ვივამედთანაც" გაკეთდა. სამედიცინო დაწესებულების დირექტორის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესში დისტანციურად მონაწილეობამ, აჩვენა, რომ მისი ჯანმრთელობის პარამეტრები ნორმაშია.

სააკაშვილი, რომ საკუთარი ჯანმრთელობით მანიპულირებს "ქართული ოცნებისთვის" დღევანდელმა პროცესმაც დაადასტურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, ყოფილ პრეზიდენტს რეალურ მდგომარეობასთან შეუსაბამო და ურთიერთგამომრიცხავი ქმედებები და განცხადებები აქვს.მმართველ გუნდში აცხადებენ რომ სხდომაზე ჩართვით დადასტურდა, რომ ექსპრეზიდენტს რეანიმაციაში გადაყვანა არ ესაჭიროება.

სააკაშვილის სასჯელის გადავადების სასამართლო პროცესი რამდენიმე დღეში, 3 თებერვალს ისევ გაიმართება. მხარეები ერთმანეთს საქმის მიზანმიმართულ გაჭიანურებაში ადანაშაულებენ. თუმცა, მორიგი სხდომა კვლავ დაცვის მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება, სწორედ დაცვის მხარის მოწმეების რაოდენობას ასახელებს პენიტენციური სამსახური საქმის გახანგრძლივების მიზეზად.







დღის ამბები