ჩუბინიშვილის ცენტრის კრიტიკულ დასკვნაზე, რომელშიც ვკითხულობთ, რომ გელათის მონასტერში კონსერვაციის პრობლემებია და შეუსრულებელია იუნესკოს მოთხოვნები, ცოტა ხნის წინ განცხადებები გაკეთდა ძელგთა დაცვის სააგენტოში.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ კეთილაძე ამბობს, რომ გელათში განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია UNESCO-ს მუდმივად მიეწოდება.
"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სამუშაოებს ახორციელებს UNESCO-ის მაღალკვალიფიციურ ექსპერტთა ჩართულობით. განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მუდმივად მიეწოდება UNESCO-ს.
2022 წლის ნოემბერს საქართველოს ეწვია ICCROM-ისა და ICOMOS-ის მრჩეველთა ერთობლივი მისია, რომლებიც ადგილზე გაეცნნენ არსებულ სიტუაციას. უახლოეს მომავალში მივიღებთ დასკვნას აღნიშნული მისიისგან, გვაქვს კეთილსაიმედო მოლოდინები. სწორედ ამ დასკვნაში არსებული რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება გელათთან დაკავშირებული სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელება," - აცხადებს კეთილაძე.
სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ აზნაურაშვილის თქმით, ჩუბინიშვილის ცენტრის დასკვნა სააგენტოზე შეტევის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოზე მუდმივად მიმდინარეობს თეორეტიკოსების შეტევა და ჩუბინიშვილის ცენტრის ე.წ. დასკვნა ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ამ დასკვნის არასერიოზულობაზე და მის ავტორთა არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მათი არცერთი წევრი 2021 წლის მარტამდე არ დაინტერესებულა გელათის ბედით.
რეალურად, მათი მსჯელობიდან გამოდის, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში არც კედლის მხატვრობის ნაწილში და არც დასავლეთ მკლავის დროებით გადახურვის სამუშაოების დროს მათი მოსაწონი იქ არაფერი გაკეთებულა," - ამბობს აზნაურაშვილი.
კედლის მხატვრობის სპეციალისტი, ზაზა სუმბაძე ამბობს, რომ ჩუბინიშვილის ცენტრის საბჭოს არცერთი წევრი დარგის სპეციალისტი არ არის.
"მე ძალიან გაკვირვებული ვარ თუ რატომ გააკეთეს ასეთი რაღაც, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, ხომ ვიცნობ მათ, არცერთი არ არის ამ დარგის სპეციალისტი, ისინი არიან ხელოვნების ისტორიკოსები. ხელოვნების ისტორიკოსს აქვს თავისი საქმე, რომლის კომპეტენციაშიც ჩვენ არ ვიჭრებით და ხელს არ ვუშლით, დამისახელონ ერთი მხატვარ-რესტავრატორი, რომელიც წამოვა გელათში და ნებისმიერ მხატვარ-რესტავრატორს გვეტყვის თუ რა არ არის ისე გაკეთებული, როგორც უნდა ყოფილიყო," - თქვა სუმბაძემ.