27 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ფაზაშია გადასული - უკვე მეათე დღეა ბორჯომში ხანძარს ებრძვიან

უკვე მეათე დღეა ბორჯომში ხანძარს ებრძვიან. ადგილზე ცოცხალ ძალასთან ერთად მუშაობას განაგრძობს ავიაცია. ხეობაში ისევ არის დაკვამლიანება, თუმცა დარჩენილია მხოლოდ მცირე მასშტაბის აქტიური კერები.

ფერდობი, რომელსაც მთელი ამ სამაშველო ოპერაციის დროს უწოდებენ მესამე სექტორს, ეს არის ყველაზე რთული, მიუდგომელი ზონა, სადაც ფიზიკურად ვერ ახერხებს სახმელეთო ტექნიკა და ცოცხალი ძალა მისვლას. სწორედ ამიტომ, ავიაცია აქ დილის 6 საათიდან მუშაობს. 3 ვერტმფრენი 2 ტონიანი ავზებით ცდილობს მტკვრიდან აიღოს წყალი და დაამუშაოს ხანძრის კერები. ავიაციის მუშაობის ფონზე გასული 2-3 საათის განმავლობაში დაკვამლიანებამ შედარებით იკლო და მცირდება კერები. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების თქმით, საუბარია ძველ კერებზე, ახალი კერები არ წარმოქმნილა, შესაბამისად ხანძარი არ გაფართოვებულა

თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მუსელიანი ამბობს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ფაზაშია გადასული და ამ ეტაპზე მიმდინარეობს სექტორებზე არსებული მხრჩოლავი კერების დამუშავება. მისი თქმით, მეხანძრე-მაშველების მიერ სრულად კონტროლირებადია ხანძრის ქრობის პროცესი და მიმდინარეობს უწყვეტი სამუშაოები ხანძრის ლიკვიდაციისათვის.

მდგომარეობა მეტწილად დამოკიდებულია ამინდზე, სწორედ ამინდთან ერთად იცვლება სურათი. ახლა შედარებით მოიმატა ტეპერატურამ, მოიმატა ქარმაც და შესაძლოა ეს დამატებით რისკებთან იყოს დაკავშირებული. თუმცა, უწყვეტი სამუშაოებიდან გამომდინარე, პროგნოზი პოზიტიურია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ აქვთ იმედი, რომ დღის ბოლომდე ყველა აქტიური კერის ლიკვიდაცია მოხერხდება.

დღის ამბები