ჩვენი მიზანი თურქეთში პრეზიდენტ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებაა, – აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტი რუსეთ-უკრაინის ომის თემას შეეხო. ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი აგრძელებს ძალისხმევას ომის დასრულებისა და უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის.
"ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ თურქეთში პრეზიდენტ პუტინსა და ზელენსკის შორის მოლაპარაკებების ორგანიზება, რათა მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას", – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა მარცვლეულის დერეფნის მნიშვნელობას მთელი მსოფლიოსთვის და აღნიშნა, რომ შავი ზღვის პორტებიდან მიწოდების განახლების გამო, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 30 პროცენტმა კვლავ მიიღო წვდომა საკვებზე ამ რეგიონიდან.