"ყველა, ვინც ცდილობს რუსეთის ამნესტირებას და ქმნის ასეთ საინფორმაციო კონტექსტს, რომ ტერორისტების ზოგიერთი დარტყმები თითქოსდა გამართლებულია ან თითქოსდა გასაგებია, არ შეიძლება, არ ხვდებოდეს, რომ ტერორისტებს ეხმარება," - უკრაინის პრეზიდენტი საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციის "ამნესთი ინთერნეიშენალის" ანგარიშს აკრიტიკებს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ორგანიზაცია ცდილობს ტერორისტი სახელმწიფოს ამნისტირებას და პასუხისმგებლობის აგრესორის ნაცვლად, მსხვერპლზე დაკისრებას.
უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება, ჰიპოთეტურადაც კი არსებობდეს პირობა, რომ რუსეთის რომელიმე თავდასხმა უკრაინაზე გამართლებული იყოს.
"სამწუხაროდ, დღეს ორგანიზაცია "ამნესთი ინთერნეიშენალი" შეეცადა ტერორისტი სახელმწიფოს ამნისტირებას და პასუხისმგებლობის აგრესორის ნაცვლად, მსხვერპლზე დაკისრებას. ყველა, ვინც ცდილობს რუსეთის ამნესტირებას და ქმნის ასეთ საინფორმაციო კონტექსტს, რომ ტერორისტების ზოგიერთი დარტყმები თითქოსდა გამართლებულია ან თითქოსდა გასაგებია, არ შეიძლება, არ ხვდებოდეს, რომ ტერორისტებს ეხმარება. აგრესია ჩვენს წინააღმდეგ არის არაპროვოცირებული და უბრალოდ ტერორისტული და თუ ვინმე ამზადებს ანგარიშს, რომელშიც აგრესორი და მსხვერპლი რაღაც ფორმით გათანაბრებულია; თუ ზოგიერთი მონაცემი მსხვერპლის შესახებ არის გაანალიზებული, როდესაც ის, რაც აგრესორმა გააკეთა, იგნორირებულია, მაშინ ეს ანგარიში მიუღებელია," – აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშმა გამოიწვია, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინელი სამხედროები ტექნიკას სამოქალაქო ობიექტებში განალაგებდნენ, მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებში, რითიც საფრთხეს უქმნიდნენ მოქალაქეებს.