27 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
ავარიული კორპუსების ჩანაცვლების საპილოტე პროგრამა იწყება - კახა კალაძის ინფორმაციით, პირველი კორპუსი, რომელსაც მერია ჩაანაცვლებს, ვარკეთილის მესამე მასივში მდებარეობს

ავარიული კორპუსების ჩანაცვლების საპილოტე პროგრამა იწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის ინფორმაციით, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი ავარიული კორპუსი, რომლის ჩანაცვლებაც განხორციელდება, ვარკეთილის მესამე მასივში მდებარეობს. 

"სამგორის რაიონში, ვარკეთილის მესამე მასივში მდებარეობს ხუთსართულიანი მაღალი კატეგორიის ავარიული შენობა, საიდანაც მოსახლეობა უკვე გაგვყავს და ნაწილი ქირით გაყვანილია. მუნიციპალიტეტი ამ შენობის დემონტაჟს და მის ნაცვლად, ახლის მშენებლობას დაიწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დეტალური ხარჯთაღრიცხვა და პროექტი შედგენილია, ექსპერტიზა ჩატარებულია და გამოცხადებულია ბაზრის კვლევა," – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე შეხვდა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს და მათ პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

"აქამდე, მსგავსი პროექტი არ განხორციელებულა. შესაბამისად, საკმაოდ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის და კერძო სექტორის – სამშენებლო კომპანიების თანამშრომლობა იმისთვის, რომ ეს პირველი საპილოტე პროექტი წარმატებით განხორციელდეს. მინდა, სამშენებლო სექტორს აქტიურობისკენ მოვუწოდო. საჭიროება თუ არსებობს, ირაკლი ხმალაძე ისევ მზადაა, სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრები აწარმოოს," – აღნიშნა კახა კალაძემ.

მერის თქმით, აღნიშნული პროგრამის სრულყოფილად განხორციელებაში მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა.

"ავარიულ შენობებში მცხოვრები ადამიანების მხრიდან მეტი აქტიურობაა საჭირო. ხშირია შემთხვევა, როცა მათ არასწორი მოთხოვნები აქვთ. ზოგს მეტი ფართის მიღება სურს. ასეთი მიდგომების გამო, პროექტი შემდეგ ეტაპზე ვერ გადადის, თუმცა, მოქალაქეების უმრავლესობა ძალიან მონდომებულია და მათთან კარგად ვთანამშრომლობთ. მუნიციპალიტეტი კიდევ 12 ავარიული შენობის ჩანაცვლების პროექტზე მუშაობს. იმედი მაქვს, აღნიშნული პროექტის ბაზრის კვლევაც წარმატებით დასრულდება და უახლოეს დღეებში სატენდერო პროცედურებიც ჩატარდება," – განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები