27 ნოემბერი 2024,   11:53
ვრცლად
სპეცოპერაცია ვარშავაში - დააკავეს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ავტომობილის ძარცვაში არიან ბრალდებული

სპეცოპერაცია ვარშავაში სპეცოპერაცია საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებით დასრულდა. ავტომობილის ძარცვაში ბრალდებულები, სპეცდანიშნულების რაზმმა, ქალაქის ცენტრში აიყვანა. მათ საცხოვრებელ მისამართზე სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით მოპარული კატალიზატორები ამოიღეს. გამოძიებით გაირკვა, რომ კატალიზატორების ქურდობას ვარშავასა და პოლონეთის სხვა ქალაქებში უკვე სერიული ხასიათი აქვს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ორი ქართველი მამაკაცი, ავტომობილიდან კატალიზატორის მოხსნას ცდილობს, თუმცა ერთ-ერთს მანქანა დაეცა. მიუხედავად ამისა, მძარცველები ადგილიდან ხელცარიელები არ წასულან.

პოლონური მედიის ცნობით, კატალიზატორების ქურდობის ბრალდებით, ქართველების დაჯგუფება დააკავეს კრაკოვშიც. ოთხ მამაკაცს ბრალი უკვე წარედგინა და დროებითი მოთავსების იზოლატორშიც გადაიყვანეს. ინტერნეტში გავრცელდა კადრები, სადაც ასახულია დაკავების ოპერაცია.

პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, ქართველების დაჯგუფება ავტომობილებს ბოლო რამდენიმე თვეა ძარცვავს. უკვე იდენტიფიცირებულია ათეულობით მსგავსი დანაშაული. დათვლილია ზარალის ოდენობაც.

დაკავებულებს პოლონეთის პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა. მათ ქურდობას და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კატალიზატორების საქმეზე დაკავებულ ქართველებს, 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები