27 ნოემბერი 2024,   11:56
ვრცლად
ლიზინგის თაღლითურ სქემაზე დაკავებული 20-მდე პირიდან რვას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, შემდეგი სხდომა 13 სექტემბერს გაიმართება

ლიზინგის თაღლითურ სქემაზე დაკავებულებიდან რვას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით. ანალოგიური ღონისძიება მოსამართლემ გამოიყენა დაუსწრებლად კიდევ ორი პირის, ირაკლი და მამუკა თავართქილაძეების მიმართ რომლებმაც გამოძიების ინფორმაციით ქვეყნის დატოვება მოასწრეს

თაღლითობის ბრალდებით, კრიმინალურმა პოლიციამ 20-მდე პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, ისინი საავტომობილო ლიზინგით ყიდულობდნენ მანქანებს, შემდეგ ნაწილებად შლიდნენ და სხვადასხვა ბაზრობაზე აბარებდნენ. დაზარალებული სალიზინგო კომპანიაა, რომელსაც ბრალდებულები არც გრაფიკით დადგენილ თანხას უხდიდნენ და აღარც ავტომობილებს აბრუნებდნენ. მათ შორის 5 ქალი იყო. მათ და კიდევ ერთ ბრალდებულს, რომლებმაც გამოძიებასთან ითანამშრომლეს 3000-დან 10 000 ლარამდე გირაოს გადახდა დაეკისრათ.

თაღლითური ჯგუფის დასაკავებლად კრიმინალურმა პოლიციამ ოპერაცია თბილისში, იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარაში ჩაატარა. ბრალდებულებმა დღეს ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვეს, თუმცა უფლებადამცველებთან თქვეს რომ დანაშაულებრივ სქემაში მოტყუებით აღმოჩდნენ და მზად არიან კომპანიას ზარალი აუნაზღაურონ.

საავტომობილო თაღლითობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 13 სექტემბერს არის ჩანიშნული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-მდე პირს 4-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები