ომის 155-ე დღე უკრაინაში - რუსეთის მთავარი ძალისხმევა ახლა დონეცკის ოლქისკენ არის მიმართული. უკრაინის ვიცე-პრემიერმა დონეცკის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მტერი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულად განადგურებას აგრძელებს. როგორც ირინა ვერეშჩუკმა აღნიშნა, ადგილზე არ არის გაზმომარაგება და შეიძლება შეიქმნას ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების პრობლემაც. რაც შესაძლოა ჰუმანიტარული კატასტროფის საწინდარიც კი გახდეს.
155-ე დღეს, ბრიტანული დაზვერვა იუწყება, რომ ხერსონზე უკრაინის არმიის კონტრშეტევა ძალას იკრებს. უკრაინელმა სამხედროებმა შორ მანძილზე მოქმედი საარტილერიო დანადგარით დააზიანეს მდინარე დნეპრზე არსებული სულ მცირე სამი ხიდი, მათ შორის თითქმის კილომეტრიანი ანტონოვკის საავტომობილი ხიდი. ბრიტანული სამხედრო დაზვერვის ცნობითვე, მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაპირზე დისლოცირებული რუსეთის 49-ე არმია ამჟამად საკმაოდ დაუცველად გამოიყურება, რუსეთისთვის პოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი ხერსონი კი, ფაქტობრივად, მოწყვეტილია სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებს.
კონტრშეტევის პარალელურად, უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ოკუპანტებმა ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით 10-მდე რაკეტა გაუშვეს. ერთ-ერთი მათგანი ჩერნიგოვის ოლქში ჩამოვარდა. მედიის ცნობით, ასევე ჩერნიგოვის სასაზღვრო რაიონებიც დაიბომბა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური საზღვარზე ვითარებას აკონტროლებს.
შეტევა იყო დღეს ხარკივის ოლქზეც. დაშავებულია 3 ადამიანი, მათ შორის არის 12 მოზარდი. ოლქის მასშტაბით საგანგებო რეჟიმია გამოცხადებული. გასული დღე-ღამის განმავლობაში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა მიკოლაივში, სადაც ჭურვები სკოლასა და საცხოვრებელ სახლებს დაეცა. ქალაქის მერი მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
რუსულმა ძალებმა 14-ჯერ დაბომბეს სუმის ოლქის 2 დასახლება. ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტის შეფასებით, რუსებს მხოლოდ ორი ლოკალური შეტევისთვის სამყოფი რესურსები დარჩათ და ეს ორი მიმართულება ქალაქები სევერსკი და ბახმუტია.
ავტორი : სანდრო კაჭახიძე