27 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
"ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები ამბობენ, რომ პარტიის ხელმძღვანელები სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად საკმარისად აქტიურები არ არიან - რა განმარტება აქვთ ენმ-ში

"პირდაპირ გეტყვით, როდესაც მე მებრძვით  მიხეილ სააკაშვილს ებრძვით" - ასე მიმართა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ მხარდამწერების იმ ნაწილს, რომლებიც მას ღიად აკრიტიკებენ. სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებულ განცხადებაში ნიკა მელია ამბობს, რომ სააკაშვილს დაუღალავი და რუტინული შრომა დაიხსნის პატიმრობიდან და არა ემოციური შეძახილები.

"ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც პარტიის ხელმძღვანელობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მაია ორჯონიკიძე ამბობს, რომ ნიკა მელიასთვის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი პრიორიტეტული არ არის.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები უკმაყოფილი მხარდამჭერების დარწმუნებას ცდილობენ და ამბობენ, რომ პარტია ყველა შესაძლო ბერკეტს იყენებს ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობიდან დასახსნელად. კრიტიკა მათი მისამართით პარტიის წევრებისთვის გასაგებია, რადგან, მათი შეფასებით, პარტიას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და მათ შორის განსხვავებული მოსაზრებების არსებობას ბუნებრივ პროცესად მიიჩნევენ.

პარტიის წევრების მცდელობებს ადასტურებს გიული ალასანიაც, რომელიც ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელების უმოქმედობით უკმაყოფილო იყო. ის რამდენიმე თვის წინ აცხადებდა რომ მისი შვილი ყველამ მარტო დატოვა. ორი თვის გასვლის შემდეგ, დღეს გიული ალასანია ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაზე აყენებენ ექსპრეზიდენტის საკითხს.

ნიკა მელიას განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" შიდა პარტიულ დაპირისპირების თვალსაჩინო დასტურია - ასეთ შეფასებას მმართველი გუნდის წევრები აკეთებენ. ქართული ოცნების ლიდერები ნიკა მელიას პარტიის ფორმალურ ლიდერს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ყველაზე დიდ ოპოზიციური პარტიაში სერიოზული პრობლემებია.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ განცხადება დღეს გაავრცელა. ნიკა მელია განმარტებით, პარტიას ერთდროულად რამდენიმე ურთულესი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პარტიის გაძლიერება, მხარდამჭერთა რიგების გაფართოება ახალი ამომრჩევლის შემოკრების გზით. პრობლემების გადაჭრა კი, როგორც თავმჯდომარე საკუთარ მხარდამჭერებს მიმართავს, კონსოლიდირებულად უნდა მოხდეს.

დღის ამბები