27 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
"პანიკა იყო, დაგვატოვებინეს სამსახური და გამოგვიშვეს ყველა" - ბობოყვათის სამკერვალოს 50-მდე თანამშრომელი ამ დრომდე კლინიკებში რჩება

ბობოყვათის სამკერვალოს 50-მდე თანამშრომელი ამ დრომდე კლინიკებში რჩება. მათი ბუნებრივი აირით და კვებითი ინტოქსიკაცია უკვე გამოირიცხა. ახლა უნდა დადგინდეს, ხომ არ ინახებოდა საწარმოში ისეთი მასალები, რომელსაც შეეძლო თანამშრომლების მოწამვლა.

სამკერვალოს ამ დროისთვის მუშაობა შეჩერებული აქვს და ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ და იკვლევენ, რამ გამოიწვია თანამშრომლების შეუძლოდ გახდომა.

"პანიკა იყო და დაგვატოვებინეს სამსახური, გამოგვიშვეს ყველა. არ ვიცით დაზუსტებით არაფერი. რამ გამოიწვია, არ ვიცით. ამბობენ ჭორის დონეზე გაზით ინტოქსიკაციას და არ ვიცით ზუსტად, რა მოხდა," - ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.  

"სოკარ გაზის" წარმომადგენელი, ვახტანგ ბერიშვილი განმარტავს, რომ თანამშრომლების გაზით მოწამვლა გამორიცხულია იმ მიზეზით, რომ საწარმოს ბუნებრივი აირი კვირაზე მეტია არ მიეწოდება.

"გადამოწმებული გვქონდა მრიცხველები და ბოლო 20 დღეა საერთოდ ხარჯი არ ფიქსირდება. გათბობისთვის იყენებდა წარმოება გაზს, ახლა საჭიროებაც არ არის, შესაბამისად, აქ გაზს გამოვრიცხავთ.

განცხადება გააკეთა საწარმოს დირექტორმა, დავით ჯაიანმა.

"საწარმოში გაზი არ არის, შესაბამისად, გაზით ინტოქსიკაცია თავად სოკარის წარმომადგენელმაც უარყო. რაც შეეხება მიზეზს, ჩვენი დასაქმებულები გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებაში და მიზეზი, თუ რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია, დაადგენს სამედიცინო დაწესებულება," - ამბობს დავით ჯაიანი.

დღის ამბები