თაღლითობის ბრალდებით, კრიმინალურმა პოლიციამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში 20-მდე პირი მისცა, მათ შორის ოთხი ქალი. ირკვევა, რომ ისინი საავტომობილო ლიზინგით ყიდულობდნენ მანქანებს, შემდეგ ნაწილებად შლიდნენ და სხვადასხვა ბაზრობაზე აბარებდნენ. დაზარალებული სალიზინგო კომპანიაა, რომელსაც ბრალდებულები არც გრაფიკით დადგენილ თანხებს უხდიდნენ და შესაბამისად, აღარც ავტომობილებს აბრუნებდნენ. ბრალდებულთა ნაწილმა საზღვრის გადაკვეთა მოასწრო, ნაწილს კი ქვეყნიდან გასამგზავრებელი ბილეთები უკვე შეძენილი ჰქონდა.
თბილისი, იმერეთი, სამეგრელო და აჭარა - კრიმინალურმა პოლიციამ ოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. "კურიერთან" საუბრისას ახლობლები ამბობენ, მომხდარი მხოლოდ გაუგებრობაა და იმედი აქვთ, რომ სასამართლოში ყველაფერი გაირკვევა.
ბრალდებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე მოინახულეს ადვოკატებმა. მათი უმეტესობა დანაშაულს აღიარებს და აპირებს დაზარალებულ კომპანიას ზიანი აუნაზღაუროს. დაკავებულთა ნაწილი ირწმუნება, რომ დანაშაულებრივ სქემაში მოტყუიებით აღმოჩნდა ჩართული. ადვოკატები სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავენ.
თბილისის საქალაქო სასამართლო ბრალდებულებისთვის წინასწარი ამღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ იმსჯელებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 5-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.