27 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი კელი დეგნანთან შეხვედრას ადასტურებს - ვინ როგორ აფასებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გამოქვეყნებულ წერილს

საჯაროდ დასმულ შეკითხვას ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ უპასუხა. "ქართული ოცნების" დამფუძნებელი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ამერიკის ელჩთან შეხვედრას ადასტურებს და ამბობს, რომ შეხვედრა კელი დეგნანის ინიციატივით გაიმართა. რაზე იმსჯელეს მხარეებმა 3 საათის განმავლობაში? - ყოფილი პრემიერ-მინისტრი წერილში შეხვედრის შინაარსზე არაფერს წერს, თუმცა იმავე განცხადებაში ის რამდენჯერმე ახსენებს საფრთხეს, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ივანიშვილის შეფასებით, ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობა ისევ აქტუალურია, თუმცა რისკები განეიტრალებული. ის საზოგადოებას და ხელისუფლებას მოუწოდებს, იზრუნონ, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა არ დაზიანდეს.

ბიძინა ივანიშვილისგან კელი დეგნანთა შეხვედრის საჯარო დადასტურებას,  "ქართული ოცნებიდან" წასულები რამდენიმე დღის განმავლობაში ითხოვდნენ. დეპუტატები დღეს ამბობენ, რომ კონკრეტული პასუხი ამ საკითხზე უკვე მიიღეს, რადგან მათთვის ნათელია, რაზე იქნებოდა საუბარი ელჩსა და ივანიშვილს შორის.

შეხვედრის კონკრეტულ შინაარსზე არაფერი უთქვამს, თუმცა წერილის შინაარსს სრულად იზიარებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძემ დღეს აქცენტი იმაზეც გააკეთა, რომ მართველი გუნდისთვის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა პრიორიტეტია.

ბიძინა ივანიშვილის წერილის შინაარსს, ქვეყნის მომავლით ვაჭრობა უწოდეს "ნაციონალური მოძრაობისა" და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერებმა. ნიკა მელიასა და გიორგი გახარიას შეფასება დღეს ერთმანეთის მსგავსი იყო.

ოპოზიციამ წერილი ხელისუფლებაზე ივანიშვილის გავლენების დადასტურებად აღიქვა, თუმცა რატომ შეხვდა მმართველი პარტიის დამფუძნებელს ამერიკის ელჩი, ამაზე პოლიტიკურ პარტიებში კონკრეტული პასუხი არ აქვთ, ნაწილი შეხვედრის დადასტურებას კელი დეგნანისგანაც ითხოვს.

"არასერიოზულია მათი დამოკიდებულება" - ასე აფასებენ არაფორმალურ მმართველობაზე ოპონენტების განცხადებას "ქართულ ოცნებაში", სადაც მიაჩნიათ, რომ ასეთი შეფასება ზიანს ელჩის რეპუტაციას აყენებს. უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ივანიშვილის წერილიდან ოპოზიციამ პოლიტიკურად მიკერძოებული დასკვნები გამოიტანა.

ოპოზიციის ის ნაწილი კი, რომელიც დარწმუნებულია, რომ აუდიენცია ნამდვილად შედგა, ვარაუდობს, რომ ელჩსა და ივანიშვილს შორის საუბარი არა ომში ჩართვაზე, არამედ საფრთხის თავიდან არიდებაზე იქნებოდა. ხელისუფლების ზოგიერთი ოპონენტი იმასაც აცხადებს, რომ კელი დეგნანის ინიციტივით, ივანიშვილთან შეხვედრაში პრობლემას ვერ ხედავს.

წერილმა რომ ბევრი კითხვა გააჩინა, ამას მმართველ გუნდშიც ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ გარკვეულ საკითხებზე საჯაროდ ვერ ისაუბრებენ.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, წელიწადნახევრის წინ გაკეთებული განცხადების შემდეგ საჯარო წერილი, დღეს მეორედ გამოაქვეყნა. ყოფილი პრემიერი წერს, რომ არ სურდა პოლიტიკურ პროცესებზე მის ფაქტორს რაიმე გავლენა ჰქონოდა, რაც საჯარო სივრციდან მისი დისტანცირების მიზეზი იყო, თუმცა ივანიშვილი ამბობს, რომ ამავდროულად, როგორც მოქალაქე და ქვეყნის გულშემატკივარი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს.

დღის ამბები