27 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
ოკუპირებული სოხუმის საჩუქარი ვლადიმერ პუტინს, რომელიც შესაძლოა სახალხო მღელვარების მიზეზი გახდეს

ოკუპირებული სოხუმის საჩუქარი ვლადიმერ პუტინს, რომელიც შესაძლოა სახალხო მღელვარების მიზეზი გახდეს. ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან, რომლმაც რუსეთისთვის ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკისა და 189 ჰექტარი უნიკალური ტყის გადაცემაზე საბოლოო თანხმობა უნდა თქვას. ადგილობრივები კი ტერიტორიის გასხვისებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. ის, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემას დე ფაქტო პრეზიდენტმა საკუთარ თავზე უკვე გამოსცადა, სამოქალაქო აქტივისტები, რომ არა ე.წ. მილიციის ჩარევა, ასლან ბჟანიას ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკს, ვლადიმერ პუტინმა თვალი ჯერ კიდევ 4 წლის წინ დაადგა. ე.წ. პრეზიდენტმა ხაჯიმბამ რუს კოლეგას სწორედ ბიჭვინთაში უმასპინძლა. პუტინი წლების წინ სოხუმს უსაფრთხოებას შეპირდა, რის შემდეგაც მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა. სანამ მოსკოვი საქართველოს მორიგ ტერიტორიას იურიდიულად იფორმებს, სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო საზოგადოებისგან მკაცრ რეაგირებას ელოდება.

ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ უფრო მძაფრია ოფიციალური თბილისის პოზიცია. მკაცრია ოპოზიციის რიტორიკაც. ისინი ფაქტს ქვეყნის ოკუპაციის ნაწილად განიხილავენ, იწუნებენ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურებისკენ მოუწოდებენ.

საერთაშორისო საზოგადოებისგან მკაცრ რეაგირებას ელოდებიან მმართველ გუნდშიც. მიაჩნიათ, რომ შექმნილ ვითარებაში გამოსავალი ისევ საერთაშორისო ზეწოლაა.

მიწის ნაკვეთზე, რომელზეც რუსეთი პრეტენზიას აცხადებს, სამი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო აგარაკი, #8, #9 და 10 მდებარეობს. ტერიტორიაზე განთავსებულია დამხმარე ნაგებობებიც. მათ შორის აუზები, რესტორნები და მიწისქვეშა კომპლექსი. ბიჭვინთელები ამბობენ, რომ რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახური აგარაკების ტერიტორიის სიახლოვეს მათ მხოლოდ სპეცსაშვების და პასპორტების შემოწმების შემდეგ უშვებს. შეფერხებებს უქმნიან სასწრაფო დახმარების და სახანძრო ჯგუფებსაც.


დღის ამბები