27 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
რატომ არ იცოდა "ნაცმოძრაობამ" თანაპარტიელების საიდუმლო წერილის შესახებ, რომელიც გერმანულ სასამართლოს გაეგზავნა - ენმ-ის წევრებს გერონტი ალანიას ექსტრადირება არ სურთ

"კურიერის" ექსკლუზივი, "ნაციონალური მოძრაობის" საიდუმლო წერილი გერმანულ სასამართლოს - ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები მიუნხენის სასამართლოს მოუწოდებენ, რამდენიმე მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი გერონტი ალანიას საქართველოში ექსტრადირება არ მოახდინოს. მოთხოვნის დასაბუთებას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ვრცელ წერილში ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობით ცდილობენ. კუდის მაღალჩინოსანზე, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის არის ნასამართლევი, პატიმრობა კი პოლიციელებისა და მოქალაქის სასტიკი ცემისთვის აქვს მისჯილი, ოპოზიციური პარტიის წევრები წერენ, რომ პოლიტიკური დევნილია.

მიუნხენის სასამართლოსთვის გაგზავნილი საიდუმლო წერილი საიდუმლო აღმოჩნდა "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრებისთვისაც. პარტიაში სანამ ინფორმაციას "კურიერისგან" მიიღებდნენ, წერილი ყალბი ეგონათ. "ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ პირმა, რომელიც ადამიანების სასტიკი წამებისთვისაა გასამართლებული, მსჯავრი აუცილებლად უნდა მოიხადოს.

კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი, გერონტი ალანია, პირველად ქართულმა სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ბრალდებით დააკავა, თუმცა ის მალევე შეიწყალა მიხეილ სააკაშვილმა. ამის შემდეგ ალანია კიდევ ორ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებდა, ორივე დანაშაულისთვის კუდის ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი. 

წერილის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ინტერპოლით ძებნილი და საქართველოში დაუსწრებლად რამდენიმე საქმეზე გასამართლებული გერონტი ალანია პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

გერმანიაში გაგზავნილ წერილს პარტიის პოლიტსაბჭოს მხოლოდ 4 წევრი - გიორგი პატარაია, ეკა ხერხეულიძე, ნუგზარ წიკლაური და აკო მინაშვილი აწერენ ხელს. ისინი ღიად ამბობენ, რომ მოსამართლეს ინდივიდუალურად მიმართეს, ისე, რომ პარტიაში არაფერი უთქვამთ.

მმართველ პარტიაში არ უკვირთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების დაცვას ყველა გზით ცდილობენ. "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის მიუღებელია ოპონენტების ბრალდებები, რომ ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას პოლიტიკურ ბრძოლის იარაღად იყენებს. სახელისუფლებო პარტიაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს პოლიტიკური წარსული დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს.

გერონტი ალანია ახლა გერმანიაში წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება. ძებნილი მაღალჩინოსანი საქართველოში სამ საქმეზეა გასამართლებული. მათ შორის ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე. თუმცა, საპატიმრო მაშინ მან ვადაზე ადრე, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საფუძველზე დატოვა. ალანიას წინააღმდეგ მიმდინარე კიდევ ერთი გახმაურებული საქმე ეხება 2005 წელს პოლიციელების ცემის ფაქტს. გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთ რესტორანში ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან უსიამოვნო საუბრის გამო, გერონტი ალანია დათა ახალაიასთან და კუდის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად სასტიკად გაუსწორდა მოქმედ პოლიციელებს - მალხაზ აზარაშვილს და ზაზა მესხს, რისთვისაც მას დაუსწრებლად პატიმრობა აქვს მისჯილი.

გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდა კონსტიტუციური უსაფრთხების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ დაწყებულ კიდევ ერთი საქმე, რომელიც გირგვლიანის მკვლელობის მსგავსად, ოქროყანის სასაფლაოზე განვითარდა. გამოძიების ინფორმაციით, გერონტი ალანიამ და კუდის სხვა მაღალჩინოსნებმა დათა ახალაიას ბრძანებით ტაბიძის ქუჩიდან ოქროყანის ტყეში გაიტაცეს მოქალაქეები ვამეხ აბულაშვილი და კახაბერ დაბრუნდაშვილი, დააჩოქეს გატაცებულები, მათ წიხლებით სცემეს, მათ შორის სახეში და იარაღის მუქარით სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრნენ, ხოლო მძიმედ ნაცემი ორივე პირი ოქროყანის ტყეში დატოვეს.

გერონტი ალანიამ საქართველო 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ დატოვა. მას შემდეგ, რაც ორ საქმეზე ბრალი წარუდგინეს, მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.  

დღის ამბები