საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად ჩამოვიდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი. აბდულ შაჰიდს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა.
ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გართულებულ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
დიპლომატიურ უწყებაში მისვლამდე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი პარლამენტში იმყოფებოდა, აბდულა შაჰიდი შეხვდა შალვა პაპუაშვილს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე. შაჰიდს მიიღებენ პრემიერი და პრეზიდენტიც.
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიმყოფები თბილისში. წელს საქართველო აღნიშნავს გაერო-ში გაწევრიანების 30 წლისთავს. ვულოცავ საქართველოს ამ საიუბილეო თარიღს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მულტილატერალიზმის განვითარებისა და გაძლიერებისთვის. დიდი მადლობა ბატონ მინისტრს, გაეროში საქართველოს ელჩს და ყველა თანამშრომელს შესანიშნავი თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის," - განაცხადა აბდულა შაჰიდმა.