აშშ-ში უკვე გამქრალი ვირუსი, პოლიომიელიტი კვლავ გამოჩნდა. როგორც ამერიკის დაავადებათა კონტროლის (CDC) ცენტრში აღნიშნავენ, დაავადება ნიუ-იორკის შტატში არავაქცინირებულ პირს დაუდგინდა.
როგორც CDC-ის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჯანდაცვის ექსპერტები მუშაობენ, რომ დაადგინონ, როგორ დაინფიცირდა პაციენტი პოლიომიელიტით და ასევე, ატარებენ დამცავ ღონისძიებებს - ისინი მოსახლეობას სთავაზებენ ვაქცინაციას, რათა დაავადება არ გავრცელდეს.
"პოლიომიელიტის მკურნალობა არ არსებობს, თუმცა მისგან თავის დაცვა უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინაციით არის შესაძლებელი," - წერს CDC.
აშშ-ში პოლიომიელიტის ბოლო შემთხვევა 1979 წელს დაფიქსირდა, მოგვიანებით, 1993 წელს დაავადება დაუდგინეს ქვეყანაში შესულ მგზავრს.
ვირუსის აღმოფხვრა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ვაქცინაციის საშუალებით გახდა შესაძლებელი, თუმცა არის სახელმწიფოები, სადაც ინფიცირების რისკი კვლავ დიდია.
CDC-ს ინფორმაციით, 1940-იანი წლების დასასრულიდან პოლიომიელიტის შედეგად წელიწადში 35000-მდე ადამიანი შშმ პირი ხდებოდა. მშობლებს ეშინოდათ ბავშვების გარეთ გაშვება, განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ვირუსის პიკი იყო. მოგზაურობა და ვაჭრობა, ქალაქებს შორის, ხშირად იზღუდებოდა. ჯანდაცვის უწყებები აწესებდნენ კარანტინს სახლებსა და ქალაქებში, სადაც პოლიომიელიტი დაფიქსირდებოდა.
ინაქტივირებული პოლიოვირუსის ვაქცინა 1955 წელს შეიქმნა და ის ინექციის სახით ეძლევათ, 1963 წელს კი ცოცხალი პოლიოვირუსის ვაქცინა შექმნეს, პირის ღრუში ჩასაწვეთებლად. ვაქცინაციის დაწყებიდან მალევე დაავადების შემთხვევებმა საგრძნობლად მოიკლო.
CDC-ის ინფორმაციით, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებსაც არასოდეს ჩაუტარებიათ ვაქცინაცია, ან - მოგზაურობენ ქვეყნებში, სადაც პოლიომიელიტით დაავადების დიდი რისკია.