27 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
მოხდება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს მსაჯულის საქმიდან აცილება სოციალურ ქსელში გამოხატული რეაქციის გამო - რა პოზიცია აქვს თავად გიორგი კვერენჩხილაძეს წაყენებულ პრეტენზიებზე

მოხდება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს მსაჯულის საქმიდან აცილება სოციალურ ქსელში გამოხატული რეაქციის გამო - გიორგი კვერენჩხილაძე განსახილველ საქმეს შესაძლოა მისივე კოლეგების გადაწყვეტილებით ჩამოშორდეს. მოსამართლის რეაქცია "ფეისბუქ" სივრცეში განხილვის თემად იქცა პარლამენტშიც. იურიდიული კომიტეტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხე მხარეა, მიიჩნევს, რომ კვერენჩხილაძემ მსგავსი ქმედებით კითხვის ნიშნის ქვეშ განსახილველ საქმეზე საკუთარი მიუკერძოებლობა დააყენა.

მთავარი არგუმენტი, რომლითაც იურიდიული კომიტეტი ხელმძღვანელობს, საერთაშორისო პრაქტიკასთან ერთად ქართული კანონმდებლობაცაა. თავად ბრალდების ადრესატი პოლიტიკურ დებატებში არ შედის და აცხადებს, რომ საკუთარ პოზიციას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს წარუდგენს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გიორგი კვერენჩხილაძის საქმიდან აცილება სხვა მსაჯულების დაშინების მიზნით ხდება. ოპონენტების ამ პოზიციას კი მმართველი გუნდი კატეგორიულად არ იზიარებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ამავე სასამართლოს მოსამართლის, გიორგი კვერენჩხილაძის აცილებასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში უნდა იმსჯელოს. კვერენჩხილაძის აცილებას პარლამენტის იურიდიული კომიტეტი ითხოვს. საქმე ეხება მოსამართლეთა ნაწილის მიერ შეტანილ სარჩელს, სადაც ისინი ითხოვენ დადგინდეს, არღვევს თუ არა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში დეკემბერში ინიცირებული ცვლილებები ქვეყნის მთავარ კანონს. გიორგი კვერენჩხილაძე ამ საქმეზე მომხსენებელი მოსამართლეა, მისი აცილება კი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 8 თვის წინ სარჩელის ერთ-ერთი ავტორის მიერ სოციალურ ქსელში ცვლილებების საწინააღმდეგო პოსტზე გიორგი კვერენჩხილაძემ ფეისბუქ ემოცია გამოხატა. პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს მიაჩნია, რომ ამით გიორგი კვერენჩხილაძის პოზიცია გამოჩნდა და ის ვერ შეძლებს საქმის მიმართ მიუკერძოებელი იყოს.

მოსამართლე კვერენჩხილაძის აცილების მოთხოვნით შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე გადაეცა. პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ყურადღებას საერთაშორისო პრაქტიკაზე და ეროვნულ კანონმდებლობაზე აკეთებენ.

იურიდიული კომიტეტის შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე საუბარი არ სურს მოსამართლე კვერენჩხილაძეს. მოკლე კომენტარში, რომელიც მან "კურიერთან" გააკეთა ამბობს, რომ მის პოზიციას საზოგადოება პლენუმის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში იხილავს.

დასახელებული მიზეზით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის აცილების საკითხს ზეწოლად აფასებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ პარტიას მოუწოდებენ უარი თქვან ამგვარ პრაქტიკაზე და გაითვალისწინონ, რომ ერთ-ერთი მთავარი, რასაც ახლა ევროპული ინსტიტუტები საქართველოსგან ელოდებიან, მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებაა. 8 თვის წინ საერთო სასამართლოების კანონში შეტანილ ცვლილებებს კი, მოსამართლეების დამოუკიდებლობის ნაწილში საფრთხის შემცველად მიიჩნევენ.

"საერთო სასამართლოების" შესახებ კანონში ცვლილებები დეკემბრის ბოლოს შევიდა. განხილვის პროცესში გამოითქვა მოსაზრებები, რომ მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა, ნებართვის გარეშე მივლინება და სხვა სასამართლოში გადაყვანა მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნიდა. არცერთ ამ მიდგომას მმართველი პარტია არ იზიარებს და აცხადებენ, რომ კანონში ახალი ჩანაწერები მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებისთვის გაკეთდა.

როდის გახდება ცნობილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება "საერთო სასამართლოების" შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია. სასამართლოს 2 გადაწყვეტილება აქვს მისაღები: ერთი - რამდენად შეესაბამება ცვლილებები კონსტიტუციას და მეორე - ჩათვლის თუ არა პლენუმის შემადგენლობა საფუძვლიანად შუამდგომლობას, რომ ამავე საქმის მომხსენებელი მოსამართლის აცილება მოხდეს.

დღის ამბები