27 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
დაცვის წევრსა და ოჯახის ახლობლებზე გაფორმებული ასობით ჰექტარი მიწა - როგორ აღმოჩნდა დიდი ოდენობით უძრავი ქონება სოსო გოგაშვილის ხელში

დედოფლისწყარო, სოფელი ზემო მაჩხაანი, ოლეს საძოვრები - 260 ჰექტარზე მეტ მიწას, საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემებით, სოსო გოგაშვილის დაცვის წევრი აკაკი სულაქველიძე და ყოფილი მაღალჩინოსნის მეზობელი, ოზბეთელაშვილების ოჯახი ფლობს.

"კურიერის" ინფორმაციით, მიწა რეალურად გოგაშვილის საკუთრებაა, რომელიც ახლობლებზე ფიქტიურად გაფორმდა. გოგაშვილის გარემოცვაზე ასობით ჰექტარის გასხვისებას ადასტურებს კობა ოზბეთელაშვილიც, რომელიც დოკუმენტებში კვლავ მიწის თანამესაკუთრეა. მისი თქმით, წლების წინ სამეურნეო სავარგულების ნაწილი, გოგაშვილს, მეორე ნაწილი კი, მისი დაცვის თანამშრომელს მიჰყიდა.

როგორ შეძლო სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის დაცვის წევრმა რამდენიმე მილიონის ქონების შეძენა - ეს შეკითხვა "კურიერმა" აკაკი სულაქველიძის მეუღლეს დაუსვა. სულაქველიძის ოჯახის წევრი, გოგაშვილისა და მისი ქმრის კავშირს არ უარყოფს, თუმცა, ამბობს, რომ მეუღლის სახელზე არსებული დიდძალი ქონების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. სოსო გოგაშვილის დაცვის თანამშრომლის მეუღლე ამბობს, რომ სულაქველიძის აქტივებით არასდროს დაინტერესებულა.

უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის სოლიდურ მიწის ნაკვეთებზე საუბარი, არც მისმა დამ ისურვა. გოგაშვილის ოჯახის წევრი ამბობს, რომ აკაკი სულაქველიძეს არ იცნობს. შესაბამისად, არც გოგაშვილთან მისი ურთიერთობის შესახებ სმენია.

კიდევ ერთი სოლიდური სასოფლო-სამეურნეო ტერიტორია, აკაკი სულაქველიძის სახელზე, სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაშია გაფორმებული. ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი, გოგაშვილის მცველის სახელზე გასულ წელს გაფორმდა. სულაქველიძის კუთვნილებაშა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში არსებული სამოსახლეოც, სადაც სავარაუდოდ, სოსო გოგაშვილს აგარაკის მშენებლობა უნდა დაეწყო. მეზობლები ადასტურებენ, რომ ადგილზე სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე არაერთხელ უნახავთ.

სოსო გოგაშვილი მრავალსართულიან სასტუმროს ფლობს სიღნაღშიც. "კურიერის" ცნობით, სავარაუდოდ გოგაშვილმა სასტუმრო "ხირსა", კიევში, ძებნილ გია ლორთქიფანიძესთან შეხვედრისა და საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის სანაცვლოდ მიიღო. ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახი მის კიევურ ვიზიტს უარყოფს და ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევს.

დღის ამბები