27 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
"მათ მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი ამოძრავებთ" - არასამთავრობოების მიერ გოგაშვილის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადებულ კვლევას მმართველი გუნდი ეხმაურება

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, "ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების აპრობირებული მეთოდების შესახებ" მომზადებული კვლევა წარადგინეს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" და "სამართლიანი არჩევნების" წევრებმა ერთობლივი კვლევის შესახებ ისაუბრეს. არასამთავრობოები მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემაზე საუბრობენ, რომლითაც მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების საარჩევნო/პარტიული მიზნებით გამოყენება.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სერვისების გამოყენებით კონკრეტულ პირებს, სავარაუდოდ, სთავაზობდნენ პირობითი მსჯავრის გაუქმებას, პენიტენციური დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდების შემსუბუქებას და ასე შემდეგ.

მათი თქმით, მმართველი პარტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების შესახებ პოლიტიკურ დოსიეებს ადგენდა და საკადრო პოლიტიკის გატარებისას აღნიშნულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. ორგანიზაციები პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, არასამთავრობოებს პოლიტიკური ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.

"ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ასეთი ტიპის დასკვნებით თუ სავარაუდო განცხადებებით გამოდიან, მათ მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი ამოძრავებთ. მაშინ, როდესაც ეს არჩევნები ჩატარდა, იყო შეთავაზება მმართველი პარტიის მხრიდან, რომ თუ 1%-ს მაინც აღმოაჩენდნენ გაყალბების, მაშინ მმართველი პარტია მზად იყო დაენიშნა რიგგარეშე, ხელახალი არჩევნები და ვერავინ, ვერც პოლიტიკურმა პარტიამ და ვერც არასამთავრობო ორგანიზაციამ ამ გაყალბების მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. საინტერესოა როდესაც ადამიანისგან, რომელიც ბრალდებულია ძალიან მძიმე დანაშაულში სახელმწიფოს წინააღმდეგ, იმისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდობით, რომელიმე სერიოზული არასამთავრობო ორგანიზაცია, დასკვნასაც ვერ აკეთებს,"- აცხადებს სამხარაძე.

დღის ამბები