27 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
ბრიფინგის დაწყება საქართველოს თემატიკით და დეგნანის მხარდაჭერით, ნიშნავს, რომ აშშ-ის საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი -  მანჯგალაძე ნედ პრაისის განცხადებაზე

"ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, თუმცა დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანსა ან მის გუნდზე არ შეესაბამება პარტნიორებს შორის კომუნიკაციას" - ამის შესახებ განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ბრიფინგზე გააკეთა.

ნედ პრაისის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები 30 წელია დემოკრატიის მშენებლობის პროცესში საქართველოს გვერდით დგას და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის განცხადება დილიდან შეფასებების თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებები ძირს უთხრის საქართველოს ეროვნულ მისწრაფებას ევროინტეგრაციის გზაზე და აშორებს მას ცივილურ სამყაროსთან. 

"როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ისმის ძალიან მკაფიო და კონკრეტული პოზიცია, რომ ხელისუფლებაში გვყავს ჩვენ ხალხი, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციას, რა თქმა უნდა, ამაზე მეტი გზავნილი რა უნდა იყოს, პოზიციაც მათთვის გასაგებია. ერთი რამ უკვე ძალიან მკაფიოა, როგორც ჩვენთვის ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ ეს ხელისუფლება არის წინაღობა ჩვენსა და ევროპას შორის, ჩვენსა და ცივილურ სამყაროს შორის,"-აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე. 

რაც შეეხება ოპოზიციის მეორე ნაწილს, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე თვლის, ვინაიდან ნედ პრაისმა თავის გამოსვლა საქართველოზე საუბრით დაიწყო. ე.ი საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მუდმივად აკვირდება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ დღის წესრიგს. 

"ბრიფინგის დაწყება საქართველოს თემატიკით, ქალბატონი დეგნანის მხარდაჭერით, ნიშნავს, რომ  ამერიკის შეერთებული შტატებისათვის საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, გამადიდებელი შუშით აკვირდება მიმდინარე პროცესებს და იციან უწვრილმანესი ნიუანსები, მათ შორის რა განცხადებებს აკეთებს ქართული ოცნება, აღშფოთებულია ამით აშშ და კიდევ ერთხელ მიგვანიშნეს, რომ ეს განცხადებები არ შეესაბამება საქართველოს ეროვნულ ინტერესს, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს,"-აცხადებს პაატა მანჯგალაძე. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი  ვახტანგ მეგრელიშვილი კი აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც გაუგებარია თუ რატომ ხდება საქართველოს პარტნიორ ქვეყნებზე თავდასხმა. 

ამავე საკითხზე მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის განცხადებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ამერიკა- საქართველოს შორის ურთიერთობები იყო. 

დღის ამბები