27 ნოემბერი 2024,   11:54
ვრცლად
რას ჰყვება იური შევჩუკი, რომელიც ომისა და რუსეთის აგრესიის დაგმობის გამო, "შავ სიაში" მოხვდა

რუსეთი ომის წინააღმდეგ გამოსული ხელოვანების დევნას აგრძელებს. მოსკოვმა აკრძალული არტისტების არაოფიციალური სია გამოაქვეყნა, რომელიც 37 გვარს მოიცავს. ესენი არიან მომღერლები, მსახიობები და სხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც ომის წინაღმდეგ გამოვიდნენ, ან მხარი არ დაუჭირეს უკრაინაში რუსეთის შეჭრას.

ერთ-ერთი ასეთია რუსული ჯგუფის "დედეტეს" სოლისტი იური შევჩუკი. ხელოვანი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ღიად გამოდის ომის წინააღმდეგ და გმობს რუსულ აგრესიას, ამის გამო კი მისი არაერთი კონცერტი გაუუქმდა და მის წინააღმდეგ რუსულმა საქმეც კი აღიძრა.

იური შევჩუკი ამჯერად კატერინა გორდეევას გადაცემის სტუმარი იყო და ვრცლად ისაუბრა საკუთარ პოზიციაზე. 

"სულ ვფიქრობ, რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ არ ყოფილიყო ომი. დიდხანს ვფიქრობდი, უნდა მემღერა თუ არა მაშინ, როდესაც კონცერტის პარალელურად კლავდნენ ადამიანებს. ამ დრომდე ლურსმანივით მესობა ეს აზრი.

ჩვენს კონცერტებზე დადის ძალიან კარგი საზოგადოება, კარგი ადამიანები, სწორი მოქალაქეები, ჩვენი მსმენელი ომის წინააღმდეგია.

"დედეტე" ახლა რუსეთს ძალიან სჭირდება. ქვეყნის გარეთ ბევრია მშვიდობის მოყვარული და ამ ყველაფერზე ღიად მოსაუბრე, შიგნით კი ცოტა. ამიტომ, მაინც იქით ვიხრებით რომ უნდა ვიმღეროთ, უნდა ველაპარაკოთ ჩვენს ენაზე მსმენელს. ჩვენ უბრალოდ კი არ უნდა ვიმღეროთ და დავუკრათ ამ კონცერტებზე, უნდა ვიკონტაქტოთ სერიოზულად და მშვიდად, გულიდან ამოსული სიტყვებით. ეს ძალიან რთულია მაშინ, როდესაც ვეღარც კი ხუმრობ როგორც ადრე, თუნდაც ვალოდიაზე, რომ მივანიჭოთ მას დიადი წოდება,იყოს სამშობლოს დედა.

მინდა ვთქვა, რომ რუსები არ ვართ მონები, ჩვენც ვართ ოკუპირებული, ჩვენც გვესვრიან გრადებით, ნაღმებით , პროპაგანდით, უმკაცრესი კანონებით , კლავენ ყოველ დღე ჩვენს მეხსიერებას, ისტორიას, გონებას და სულს, მაგრამ ჩვენ მაინც ვარსებობთ, მაგრად ვდგავართ. ჩვენს შორისაც არიან გმირები, რომლებიც არასოდეს იქნებიან მონები. ეს მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენ არ ვართ მონები", - ამბობს იური შევჩუკი.

იური შევჩუკმა მის წინააღდეგ აღძრულ საქმეზეც ისაუბრა და გაიხსენა 80-იანი წლები, როცა მისი ჯგუფის შემოქმედება ასევე აკრძალული იყო.

"წარმოიდგინეთ კადრი - დარბაზი ღრიალებს "დედეტე" , შევჩუკ. მე გავიარე სტადიონი და შევედი საგრიმიოროში, სადაც დამხვდნენ ისინი. მე ვუთხარი მოდით, გადავიღოთ სურათი და მერე უნდა გამოვიცვალო, სულ ოფლიანი ვარ. ისინი გაოგნდნენ და მითხრეს, რომ სხვა საკითხზე არიან და დაიწყეს მონოტონურად კანონის მუხლების ჩამოთვლა, რომელიც დავარღვიე. ისინი იყვნენ ჩემს შვილებზე პატარები. შემდეგ ვუთხარი, დიახ, მე ვარ ომის წინააღმდეგი და შემდეგ ჩავუტარე ლექცია, რა არის ომი, რა არის მშვიდობა, როგორ უნდა დავიცვათ სამშობლო, ისინი ჩუმად მისმენდნენ. შემდეგ ისიც მოვუყევი, რომ იგივე ისტორია იყო, რაც ბევრი წლის წინ, ავღანეთის ომის წინააღმდეგი რომ ვიყავი. ისიც ვუთხარი, რომ ზუსტად იგივეს მეუბნებოდნენ "კაგებეს" წარმომადგენლები, რასაც ახლა თქვენ, მაგრამ მაშინ ხელისუფლება შეიცვალა. მერე ვკითხე, რას იზამთ, ხელისუფლება რომ შეიცვლება? ბოლოს რომ მიდიოდნენ მითხრეს, შეიძლება ერთად ფოტო გადავიღოთო? და გადავიღეთ ერთად ფოტო",- აცხადებს იური შევჩუკი.

დღის ამბები