27 ნოემბერი 2024,   11:52
ვრცლად
ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა, სავაჭრო ურთიერთობების განვითარება - ირაკლი ღარიბაშვილმა თურქმენეთში ვიზიტი დაასრულა

საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების გაღრმავება, ერთობლივი პროექტები და ორ ქვეყანას შორის არსებული სატრანზიტო პოტენციალი,- ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. 

მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს თურქმენეთთან მჭიდრო ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობას. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო რეგიონული სატრანსპორტო პროექტების განვითარების მნიშვნელობას და ითქვა, რომ მსგავსი სტრატეგიული პროექტების განხორციელება, გაზრდის ევროპასა და აზიას შორის ტვირთბრუნვასა და უსაფრთხოებას კასპიისა და შავი ზღვის გავლით. მხარეებმა ენერგეტიკის სექტორში არსებული თანამშრომლობის უფრო გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.

ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა - სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში განიხილეს მხარეებმა აშხაბადში გამართული კიდევ ერთი მაღალი რანგის შეხვედრის დროს. საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, კოლეგამ უმასპინძლა. საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რეგიონალურ სატრანსპორტო-სატრანზიტო დერეფანს და აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით არსებული ახალი შესაძლებლობები, სამომავლო ურთიერთობების ეფექტურად გაძლიერების პერსპექტივას ქმნის. დიპლომატებმა ასევე თქვეს, რომ სამინისტროებს შორის თანამშრომლობის 2023-2024 წლების პროგრამის ხელმოწერა,  ორმხრივი კავშირების გაღრმავებას ხელს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს.

ქართული დელეგაციის წევრები აქცენტს იმ შეთანხმებებზე აკეთებენ, რომლის განხორციელება საქართველო-თურქმენეთის პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირების გამყარებას განაპირობებს. აშხაბადში საქართველოდან პირდაპირი ფრენები და ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდა ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განმარტებით, ორმხრივ ურთიერთობებში ახალი შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის.

ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი მემორიალურ კომლექს "ხალხის მეხსიერებაში" იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა პატივი მიაგო 1948 წლის მიწისძვრის დროს, 1881 წლის გეოკტეპეს ბრძოლაში და ასევე დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას. ირაკლი ღარიბაშვილი მემორიალურ კომპლექსში დელეგაციის წევრებთან ერთად მივიდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქმენეთში დასრულდა. აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაური თურქმენეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გააცილა. თურქმენეთამდე ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთში იმყოფებოდა, სადაც ასევე მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა. უზბეკეთის პრემიერმა ქართული დელეგაციის წევრებს ოფიციალურ სადილზეც უმასპინძლა. მიღება, რომელიც უზბეკეთის მთავრობის სახელით ირაკლი ღარიბაშვილის პატივსაცემად გაიმართა, ქართული ცეკვებითა და სიმღერებით იყო გაფორმებული.

დღის ამბები