27 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
ევროპარლამენტარებს გავაცნობთ რეალურ ვითარებას, მტკიცებულებების დონეზე, ვის შეიძლება მიესადაგოს ოლიგარქის ცნება, ოლიგარქის უკრაინული ცნება და ვის არა - ირაკლი კობახიძე

ევროპარლამენტის დელეგაცია "ქართული ოცნების" ლიდერებთან ოფიციალურ შეხვედრას ხვალ გეგმავს. მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე ევროპარლამენტარებს გააცნობენ რეალურ ვითარებას და ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულების გეგმის შესახებ, მათ შორის დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებს.

"როგორც მოგეხსენებათ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არ ერთვება სამუშაო ჯგუფების ფორმატში წარმართულ პროცესში, რაც პირდაპირ აჩვენებს მათ დამოკიდებულებას და აჩვენებს იმას, რომ ისინი რეალურად დაინტერესებული არიან არა იმით, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, არამედ სწორედ რომ საპირისპიროთი არიან დაინტერესებული. ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ შეიძლება ქულები ჩავიწეროთ კანდიდატის სტატუსის მიღებით, აქედან გამომდინარე, დაკავებული არიან მთლიანად საბოტაჟით.

ყველა თემას შევეხებით, მათ შორის ჩვენს ხედვას 12 პუნქტის შესრულების გეგმაზე, მათ შორის დეოლიგარქიზაციაზე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებების მოსმენა ამ საკითხზე. ჩვენ გავაცნობთ რეალურ ვითარებას, მათ შორის მტკიცებულებების დონეზე, თუ ვის შეიძლება მიესადაგოს მაგალითად ოლიგარქის ცნება, ოლიგარქის უკრაინული ცნება და ვის არა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები