27 ნოემბერი 2024,   11:54
ვრცლად
ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს მართავს - რა გზავნილები აქვთ ევროპელ კანონმდებლებს

ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრა თითქმის ერთ საათს გაგრძელდა. მთავარი თემები ევროპული რეკომენდაციების შესრულება და ის ნაბიჯები იყო, რასაც საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით დგამს.

ევროპარლამენტარების განცხადებით, დეპოლარიზაცია ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება და რეკომენდაციების შესრულების პროცესი ინკლუზიური უნდა იყოს.

"აქ ვართ სიტუაცია შესაფასებლად და დასახმარებლად იმ რეკომენდაციების შესრულებაში, რაც საქართველომ მიიღო. საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ უნდა შეძლოს პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ოცნება რეალობად იქცეს და ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მმართველ პარტია აქვს გეგმა, გეგმა აქვს ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ყველა პოლიტიკურ ინსტიტუციას თავისი როლი აქვს, ყველა პოლიტიკურ ფიგურას. დეპოლარიზაცია ერთ-ერთი მთავარი საკითხია ამ მიმართულებით, პროცესი ინკლუზიური უნდა იყოს, ასევე დეოლიგარქიზაცია. საკვანძო პოზიციები უნდა იყოს გამჭირვალე", - განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა ესტონეთიდან სვენ მიქსერმა.

ევროპარლამენტის დეპუტატმა გერმანიიდან ვიოლა ფონ კრამონმა ყურადღება გაამახვილა კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროპარლამენტი საქართველოს დიდი მხარდამჭერია

პატივს ვცემთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, აუცილებელია გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება. მაგალითად, შარლ მიშელის შეთანხმება, რაც სამომავლო ურთიერთობის საკითხია. ჩვენ, ევროპარლამენტი თქვენი ძალიან დიდი მხარდამჭერი ინსტიტუტი ვართ, ჩვენ გვინდა თქვენი დახმარება და არა ომში ჩართვა", - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ცოტა ხანში უკვე დაიწყება შეხვედრა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან და უფრაქციო დეპუტატებთან.

დღის ბოლომდე დაგეგმილია აუდიენცია საგარეო და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებთან.

დღის ამბები