27 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
თბილისში მყოფი ევროპელი კანონმდებლები დღეიდან ოფიციალურ შეხვედრებს იწყებენ

თბილისში მყოფი ევროპელი კანონმდებლები დღეიდან ოფიციალურ შეხვედრებს იწყებენ. თავდაპირველად ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრები პრეზიდენტს შეხვდებიან. დაგეგმილია გასაუბრება სამოქალაქო სექტორისა და საკანონმდებლო ორგანოს - როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან.

"ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. 

"ამ კომიტეტმა ანგარიში საქართველოს შესახებ უნდა მოამზადოს, თუ როგორ ასრულებს ქვეყანა 12 პუნქტიან გეგმას. ბუნებრივია, აქცენტები ჩვენი მხრიდან გაკეთდება იმაზე, რომ რიგგარეშე სესია, რომელიც მოითხოვა ოპოზიციამ, გაუგებარი მიზეზების გამო პრაქტიკულად ჩააგდო "ქართულმა ოცნებამ", რაც იმაზე მეტყველებს, რომ "ქართული ოცნება" არ არის მზად თანამშრომლობისთვის," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

ვიზიტთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა. 

"გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დგას, შესაბამისად, საჭიროა ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, განსაკუთრებით ევროპარლამენტიდან აქტიური დიალოგის ქონა," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.  

ხვალ კი ევროპელ დეპუტატებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს. განხილვის მთავარი თემა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესია. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში ევროპარლამენტარები საოკუპაციო ხაზთან ახლოს მისვლას გეგმავენ. 

დღის ამბები