უკრაინაში ომის 146-ე დღეა. გასული ღამის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ოდესის ოლქზე, გაჩნდა ცეცხლის კერები. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები, დაზიანებულია ადგილობრივი სკოლა და კულტურის ცენტრი.
6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმას დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკზე - განადგურებულია ორსართულიანი შენობა, რომელშიც აფეთქების დროს მოსახლეობა იმყოფებოდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 5 ცხედარი ამოიყვანეს, 1 დაშავებული კი მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
რუსულმა ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს ქალაქ მიკოლაივის მახლობლად მდებარე მაღალსართულიან შენობაზე, დაღუპულია 4 მშვიდობიანი მოქალაქე, არიან დაჭრილებიც, ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
ოკუპანტებმა 150-ზე მეტი გასროლა განახორციელეს სუმის ოლქის მიმართულებით, ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.