27 ნოემბერი 2024,   11:44
ვრცლად
უკრაინა ოკუპანტთან ბრძოლას აგრძელებს - რუსულმა არმიამ ჰაერიდან და ხმელეთიდან სარაკეტო დარტყმები დნეპრზე, ხარკოვზე, სუმის ოლქსა და მიკოლაევზე განახორციელა

სანამ ბრიუსელში სანქციებზე მსჯელობენ, უკრაინა ოკუპანტთან ბრძოლას აგრძელებს - ორი დღეა ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში საჰაერო განგაშის სიგნალი არ წყდება. რუსულმა არმიამ ჰაერიდან და ხმელეთიდან სარაკეტო დარტყმები განახორციელა დნეპრზე, ხარკოვზე, სუმის ოლქსა და მიკოლაევზე. ინტენსიური დაბომბვის ქვეშაა ფრონტის ხაზზე მდებარე კრამატორსკიც. საოკუპაციო ძალების მთავარი სამიზნე კვლავ მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, დაღუპულებს ითვლიან თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტში, ხარკოვში რუსულმა რაკეტებმა ასაკოვანი ადამიანები დახოცა, დნეპრში კი რამდენიმე მოქალაქე საკუთარ ავტომობილში ცოცხლად ჩაიწვა.

საპასუხო დარტყმებს იღებს საოკუპაციო ძალაც. ოკუპირებულ ხერსონში უკრაინელმა სამხედროებმა იარაღის მორიგი საწყობი ააფეთქეს, ზუსტი დარტყმის შედეგად განადგურებულია 36 რუსი ჯარისკაცი და სხვადასხვა სახეობის ტექნიკა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა დღეს ბრაზი ვეღარ დამალა და საკუთარ გენერლებს უკრაინელების ზუსტი იარაღის განადგურება დაავალა.

რუსეთის საზღვართან მდებარე ხარკოვის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი ძირითად დროს ისევ თავშესაფრებში ატარებენ, რადგან მათთვის დაბომბვა ყოველდღიურობად იქცა.

რუსეთი იერიშებს არ წყვეტს დონეცკის ოლქზეც. ქალაქ ტორეცკში ოკუპანტების თავდასხმას 6 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ოლქში განადგურებულია თითქმის ყველა საცხოვრებელი შენობა. იქ დარჩენილი ადგილობრივები ჰუმანიტარულ კრიზისზეც საუბრობენ.

ჰუმანიტარული კრიზისი ემუქრება ზაპოროჟიეს ოლქსაც. ადგილობრივები  მოსავლის გადარჩენას საკუთარი ძალებით ცდილობენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპანტები მშვიდობიანი მოქალაქეების ნათესებს ცეცხლს სპეციალურად უკიდებენ. ხანძრის შედეგად მხოლოდ დღეს 1700 ტონამდე ხორბალი განადგურდა.

რთული ვითარებაა სუმის ოლქშიც, რომელიც ბოლო 24 საათში რუსეთმა 50-ჯერ დაბომბა. მასობრივი დარტყმები განხორციელდა მიკოლაევზეც. დაზიანებულია შენობები და ადგილობრივი საწარმოების კომერციული ფართები. საჰაერო შეტევა იყო დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლზეც. არიან დაღუპულები. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, სამხედროებმა რუსი ჯარისკაცების თავდასხმები მოიგერიეს დონეცკისა და ბახმუტის მიმართულებით.

ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთმა 145 დღის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ 3 000–ზე მეტი საკრუიზო რაკეტა გამოიყენა. პრეზიდენტმა ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ივან ბაკანოვს და გენერალურ პროკურორს ირინა ვენედიქტოვას დროებით უფლებამოსილება შეუჩერა.

რუსული ქვედანაყოფების დასუსტებაზე საუბრობს უკრაინული მედია. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით კი, რუსულ ჯარს ახალი ტერიტორიული მიღწევები არ აქვს და თავისი ძალების აღსადგენად ომს ახანგრძლივებს.

დღის ამბები